logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ჩვენმა მტანჯველებმა უნდა აგონ პასუხი იმის გამო, ამდენჯერ რომ მოგვკლეს!
- +

7 სექტემბერი. 2016. 17:53



ჟურნალისტი ზაზა დავითაია გაზეთ „ასავალ-დასავალში" იხსნებეს იმ პერიოდს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს დააპატიმრეს. იგი გოგა ხაინდრავას ფილმს „ჰეროკრატიას" ეხმაურება, რომლის პრეზენტაციასაც თავად ესწრებოდა.


 

„სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში პირადად მე რამდენჯერმე მოვკვდი, შემდეგ ისევ დავიბადე... დიახ, პირადად ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, რომელსაც რეჟიმმა შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულების მოწყობა დააბრალა და სრულიად უდანაშაულო გამოამწყვდია ციხეში. იქ მე ცხოვრების არსი თავიდან  შევიცანი; ვისწავლე მტრისთვის მიტევება, სულიერი ტკივილის მოთმენა. ამ ფილმის პერსონაჟი ბედის ირონიით მე თვითონ აღმოვჩნდი, ტანჯვა საკმაოდ დიდხანს, ოთხნახევარი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემს თვალწინ განვითარდა უამრავი ადამიანის ტრაგედია, რომელთა დიდი ნაწილი ჩემსავით უდანაშაულოდ იჯდა ციხეში, ნაწილს კი ჩადენილთან შეუსაბამო, უზარმაზარი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.

 

მე ვკვდებოდი, როცა ჩემს საკანში აღწევდა წამებით გათანგული პატიმრების ბღავილის ხმა, ვკვდებოდი, როცა ვიგებდი, რომ ჩემგან სულ რაღაც ათიოდე მეტრით დაშორებულ საკანში მავანმა პატიმარმა თავსდატეხილ ფიზიკურ თუ მორალურ ტანჯვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე მოისწრაფა. ვკვდებოდი, მაგრამ ვიბადებოდი კიდეც! რეჟიმის ციხეში სულ მცირე პოზიტივიც სიცოცხლისკენ მიბიძგებდა! ვიბადებოდი, როცა გარეთ დარჩენილი უახლოესი ადამიანების, შვილების, მეუღლის და მშობლების თანადგომის შესახებ ვიგებდი; ვიბადებოდი, როცა ჩემზე გაჭირვებული რომელიმე პატიმრისთვის მცირე სამსახურის გაწევას ვახერხებდი!

 

ნელ-ნელა საკუთარი თავის ფლობა ვისწავლე. შევიგნე, რომ ბოღმა, გინდაც სამართლიანად მძვინვარებდეს ადამიანში, სიცოცხლეს ამოკლებს და კლავს! შესაბამისად, მივხვდი, რომ ჩემთვის უსამართლოდ ტანჯვის მომყენებელს თუ ვაპატიებ, მე თვითონ უკეთ ვიგრძნობ თავს და ხელახლა დავიბადები! ასე ვკვდებოდი და ვიბადებოდი ამ ოთხნახევარი წლის განმავლობაში. როცა ჩემთვის უსამართლოდ მოსჯილი სასჯელის უკანასკნელმა დღემ გაიარა და თავისუფლების ზარმა პირადად ჩემთვის დარეკა - მაშინაც თავიდან დავიბადე, რადგან ამაოდ დაკარგული თითქმის 5 წლის მიუხედავად, ციხიდან აბსოლუტურად დაუბოღმავი გამოვედი. წინ კიდევ ბევრი უსამართლობა, ბევრი სიკვდილი და კვლავ დაბადება, კიდევ მრავალი ტრაგედიის შეტყობა მელოდა... 27 აგვისტოს, კინოთეატრ „რუსთაველში" გოგა ხაინდრავას ფილმის ყურების დროს ჩემს ცნობიერებაში ყველა ტრაგიკულმა ეპიზოდმა ერთად გაიღვიძა და ისე ამავსო რისხვით, რომ ხელახლა მოვკვდი! მოვკვდი და არ ვიცი, ისევ როდის დავიბადები. მხოლოდ ის ვიცი, რომ დავიბადო, ამისთვის ჩვენმა მტანჯველებმა მცირე დოზით მაინც უნდა აგონ პასუხი იმის გამო, ამდენჯერ რომ მოგვკლეს!" - წერს ზაზა დავითაია „ასავალ-დასავალში".


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner