logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრემიერზე უსუსური პროპაგანდისტული იერიშით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ დაგებულ მახეში გაებნენ
- +

10 სექტემბერი. 2023. 21:23

 

 

მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას საქმის და პრემიერ-მინისტრის ამერიკაში მოგზაურობის შედარებას სპეკულაციად მიიჩნევს. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„გვარამიას ბრალი წაყენებული ჰქონდა იმისთვის, რომ რაც უნდა გამხდარიყო „რუსთავი 2“-ის, არ გახდა „რუსთავი 2“-ის და მან მიისაკუთრა, თავის მეგობრებზე გააფორმა. რაც შეეხება პრემიერის ქეისს, ამასთან შედარება არარელევანტურია. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნითაც ჯერ არავის მიუმართავს არც ადმინისტრაციისთვის, არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის. ჩემგან შეიძლება გასაკვირიც იყოს ასეთი საუბარი, მაგრამ თუ მართლა გაინტერესებთ, თუ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის წარსული ცოდვების „გაპრავების“ უსუსურ მცდელობაზე არ ხარ გადასული, უნდა დაინტერესდე, ხორციელდებოდა თუ არა იგივე თვითმფრინავით კერძო, კომერციული ფრენები, შეუძლია თუ არა მოქალაქეს, მიმართოს ამ თვითმფრინავზე კომპანიას და გაფრინდეს ჩარტერული რეისით, ასევე, სახელმწიფომ გაიღო ეს ხარჯები პრემიერის შემთხვევაში, როდესაც ის და თავისი ოჯახის წევრები გაფრინდნენ ევროპაში, თუ ეს იყო პირადი ხარჯი?

 

პირდაპირ აღმოჩნდა, რომ თავის დაგებულ მახეში თვითონვე გაებნენ. მთელი კამპანია, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, თითქოს პირველ პირს შეუძლია, სახელმწიფოს თანხებით ფრენები განახორციელოს პირადი მიზნებისთვის, ვიღაცები ჩამოიყვანოს, თვითონ გაფრინდეს და ა.შ. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოიყენოს, ამ უსუსური პროპაგანდისტული იერიშით თავადვე დაადასტურეს, რომ თურმე არ შეუძლია, ვინც არ უნდა იყო, თუნდაც ქვეყნის პირველი პირი. ხომ დადასტურდა? ჩარტერები თურმე მაშინ ყოფილა უკანონო. ამ შემთხვევაში განსხვავება ის არის, რომ ოჯახის ხარჯით არის გაწეული ეს თანხები. რა თქმა უნდა, დეკლარაციაში ეს იქნება დეტალურად ასახული. ეს არის სულ. როდესაც ისინი ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს არ არის პრობლემა და პირველ პირს შეუძლია, იფრინოს სახელმწიფოს ხარჯებით, პირადი საჭიროებისამებრ, ეს ასე არ არის, თავადვე დაადასტურეს, რაც ძალიან კარგია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner