„სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ კომპენსაციები სრული რაოდენობით მიიღონ”, - ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გურიაში სტიქიით დაზარალებულებზე საუბრისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებასა და „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს ბოლო სამი დღის განმავლობაში გურიაში სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული სამუშაოსთვის.
მან ასევე ისაუბრა, მიიღებენ თუ არა დაზარალებულები კომპენსაციას.
„რაც შეეხება კომპენსაციებს, ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, რადგან ჯერ ბოლომდე არ არის დათვლილი, რასთან გვაქვს საქმე. იმდენ ადგილას იყო პატარ-პატარა, არაერთი მეწყერი ჩამოწოლილი. ამდენად, რისკებთან დაკავშირებით ძალიან რთულია საუბარი. ყველა შემთხვევაში, ძალიან კარგია ის, რომ სადაც მცირე რისკი არსებობს, გამოყავთ მოსახლეობა. პირველ დღეს, პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვეხვეწებოდის მოსახლეობას, რომ თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსულიყვნენ და უარზე იყვნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, უკვე არაერთი ოჯახია გამოყვანილია იმ ადგილებიდან, სადაც მცირე რისკი მაინც არსებობდა. მან მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ თავს იკავებენ, თუკი რაიმე რისკი არსებობს, დატოვონ ასეთი საცხოვრებელი ტერიტორიები.
„რისკების შეფასების, საერთო ანალიზის შემდეგ, თუ არ იქნება პრობლემა, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, თუ არა და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ კომპენსაციები სრული რაოდენობით მიიღონ და რისკებს ნუ გავწევთ, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ნუ ჩავიგდებთ. ეს იქნება ჩვენი უმორჩილესი თხოვნა“, - განაცხადა მდინარაძემ.
გურიაში მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სამი ცხედარი.