logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და თქვენი იმედი გვაქვს!
- +

7 სექტემბერი. 2016. 18:17


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მიღწევებსა და პროგრესზე ისაუბრა. სტოლტენბერგი დადებითად აფასებს საქართველოს წინ გადადგმულ ნაბიჯებს უსაფრთხოების სფეროში და ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.

 

„ძალიან დიდი მადლობა გიორგი კვირიკაშვილს. დიდი მადლობა, რომ თქვენს ქვეყანაში მიმიღეთ არა მხოლოდ მე, არამედ მთლიანად ჩრდილოატლანტიკური საბჭო. ჩვენ ველით დღევანდელი და ხვალინდელი პროგრამის რეალიზაციას. ჩვენს შეხვედრას ესწრება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 28 წევრი, მონტენეგროს ჩათვლით, რომელიც NATO-სთან მიერთების პროცესში იმყოფება. აღნიშნული გახლავთ საქართველოსა და NATO-ს შორის მხარდაჭერისა და პარტნიორობის დამადასტურებელი ძალიან სერიოზული გზავნილი.

 

ჩვენ ჩავატარეთ ძალზე პროდუქტიული და წარმატებული შეხვედრა NATO-საქართველოს კომისიის ჩარჩოებში და წარვმართეთ სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსია საქართველოს წვლილზე ერთობლივი უსაფრთხოების სფეროში, თქვენი ქვეყნის რეფორმების მიმართულებით და იმ პროგრესსა და მიღწევებზე, რომელიც გაგაჩნიათ და რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის თემებზე. NATO-ს და საქართველოს გააჩნია აღსანიშნავი ორმხრივ მხარდაჭერაზე დამყარებული ურთიერთობები. ჩვენი პარტნიორობა ძალზე მყარია და კიდევ უფრო ძლიერდება. NATO მადლიერია იმ სამსახურისთვის, რომელიც საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებმა გაწიეს ავღანეთში, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში და ჩვენი ძალისხმევის ჩარჩოებში, რათა წინ აღვუდგეთ ტერორიზმს. ხმელთაშუა ზღვის რეგიონში საქართველომ სერიოზული მსხვერპლი გაიღო ჩვენი ერთობლივი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიზნებისათვის და შეაქვს რა წვლილი ეროვნულ უსაფრთხოებაში, საქართველო ასევე ახორციელებს საკმაოდ ამბიციურ თავდაცვის რეფორმებს ქვეყნის შიგნით. თქვენი მხარე აგრძელებს დემოკრატიული და სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც ეხმარება საქართველოს, დაუახლოვდეს NATO-ს.

 

საქართველოს ხელში აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა იმოძრაოს NATO-ს წევრობისაკენ. NATO-საქართველოს პაკეტს თავისი შედეგები მოაქვს,  ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივი მომზადებისა და წვრთნის ცენტრი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. აღნიშნული მომზადების ცენტრი მიმართულია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისაკენ. ყველა მოკავშირე მივესალმებით თბილისში თავდაცვის სექტორის რეფორმებს. ყველა მათგანის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და NATO-სთვის და მივესალმები საერთო პროგრესს. ეს გახლავთ ქვაკუთხედები საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ე.წ. ასპირანტი ქვეყნისთვის.

 

ივლისში, ვარშავაში, NATO-ს სამიტზე NATO-ს ლიდერები მიესალმნენ იმ სერიოზულ პროგრესს, რომელიც საქართველომ აჩვენა და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროგრესი გაგრძელდება, რაც მოიცავს საკონსტიტუციო, საარჩევნო რეფორმებს, საქართველოს ურყევი პროგრესის ჭრილში ჩვენ ველოდებით მომავალ არჩევნებს, რომელიც დააკმაყოფილებს უმაღლესი დემოკრატიის სტანდარტების მოთხოვნებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ჭრილში. აღნიშნული მნიშვნელოვანი გახლავთ NATO-სთვის, რადგან NATO - ეს გახლავთ ღირებულებებზე დამყარებული ერთობა, რაც მოიცავს დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას.

 

რეფორმები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მოსახლეობისთვის და თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური აყვავებისათვის. ვარშავაში NATO-ს ლიდერებმა გამოხატეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი. დღეს, ჩრდილოატლანტიკური საბჭო თბილისში შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ჩვენი ერთგულება და ვალდებულებები თქვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას და თქვენი იმედი გვაქვს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner