„მქონდა ძალზედ ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები, დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, განგვეხილა NATO-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და ინფორმირებული აღმოჩნდა.
„დაიწყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეოთხე ვიზიტი საქართველოში. ეს ვიზიტი ალიანსის საქართველოსთვის პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიური განვითარების მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და ალიანსში გაწევრიანების კურსს. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს საქართველოს დემოკრატიული განვითარების რეფორმების და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მქონდა ძალზედ ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო გენერალური მდივნისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები, დემოკრატიული რეფორმები, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, განგვეხილა NATO-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. მათ შორის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიმართულებით. აღნიშნული თემების განხილვა გაგრძელდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში. კომისიის შეხვედრაც, მსგავსად ჩვენი ორმხრივი შეხვედრისა, ძალიან პროდუქტიული და ინფორმაციული გახლდათ. მოხარული ვართ, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი დემოკრატიზაციის, ეკონომიკური განვითარების, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში რეფორმების განვითარების მიმართულებით.
მოგეხსენებათ, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში უკანასკნელი ვიზიტის შემდგომ, საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა და ახალ დონეზე ავიდა. როგორც 2014 წლის უელსის, ასევე 2016 წლის ვარშავის სამიტებზე საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. დღეს ალიანსის წევრობის კანდიდატი, საქართველო ალიანსის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი და საიმედო პარტნიორი. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის წევრია. ამასთან აღიარებულია, რომ საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, მათ შორის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი. მისი განხორციელება გეგმიურად მიმდინარეობს და ეხმარება ჩვენს ქვეყანას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და NATO-სთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებაში. საქართველო მაქსიმალურად ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოვებს NATO-ში გაწევრიანების მიზანთან. აქტიურად მიმდინარეობს თავდაცვის სფეროში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, რაც ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციასა და ბრძოლისუნარიანობის გაზრდას ემსახურება. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო დღეს აღიარებულია, როგორც ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედითუნარიანი პარტნიორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის წინაშე და ვამაყობ, რომ ასეთი თავდადებული გმირები ჰყავს საქართველოს.
ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მთავრობა მოწადინებულია, არჩევნები საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული ნორმების და სტანდარტების თანახმად ჩაატაროს. მთავრობის ძალისხმევა მიმართულია მაქსიმალურად პლურალისტური, ღია და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე. მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროგრამა და გზავნილი მიაწოდონ ამომრჩეველს.
2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-ს წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანი, ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი რეალობად ვაქციოთ. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიმდინარე ვიზიტი მნიშვნელოვანია სწორედ იმითაც, რომ საბჭოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე შეაფასონ საქართველოს პროგრესი, შეხვდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ფართო სპექტრს, გაეცნონ რეფორმების მიმდინარეობას, შედეგებს და პასუხები მიიღონ არსებულ კითხვებზე მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო კმაყოფილება, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მხრიდან იქნა აღიარებული საქართველოს პროგრესი და მინდა, დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ ამ პროგრესის დინამიკა აუცილებლად შენარჩუნდება და საქართველო დაუახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, მიაღწევს საბლოო მიზანს - გახდება NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შედეგები აუცილებლად პოვებს ასახვას NATO-ს კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ჩვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს ამ უმნიშვნელოვანესი სამიტის საქართველოში ჩატარებისთვის",- განაცხადა კვირიკაშვილმა.