„ძალზე საინტერესო სასამართლო პროცესი გველოდება სულ ახლო მომავალში და ამას ყოველგვარი ირონიისა თუ სარკაზმის გარეშე ვიძახი. მამუკა ხაზარაძემ დააანონსა, რომ საკუთარი ღირსების დაცვას სასამართლო დარბაზში შეეცდება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ ვინ იქნება ხაზარაძის მოპასუხე.
„ძალზე საინტერესო სასამართლო პროცესი გველოდება სულ ახლო მომავალში და ამას ყოველგვარი ირონიისა თუ სარკაზმის გარეშე ვიძახი. მამუკა ხაზარაძემ დააანონსა, რომ საკუთარი ღირსების დაცვას სასამართლო დარბაზში შეეცდება. ბოლომდე ვერ გავიგე, ვინ იქნება მოპასუხე მხარე - ბიძინა ივანიშვილი თუ ირაკლი კობახიძე.
თუმცა ეს უკვე დეტალებია. მამუკა ხაზარაძე ეცდება ჩამოირეცხოს ისეთი ბრალდებები საკუთარი მისამართით, რომ ის წინა ხელისუფლების დროს იყო რეკეტიორი და სხვისი ქონების ჩამორთმევისა თუ ხელოვნური გზით გაკოტრების ერთ-ერთი ორგანიზატორი თუ არა, თანამონაწილე მაინც. პროცესზე დასასწრებად მის მიერ დაპატიჟებულია ყველა ის მოქალაქე, ვინც ქონების ჩამორთმევაში იმდროინდელ „თიბისი ბანკს“ ადებს ხელს. დიდი ალბათობით, ამ პროცესს დაესწრებიან ასევე ისეთი ბიზნესმენები, როგორიც მაგალითად ანზორ ქოქოლაძეა, რომლის „ელიტ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების საქმე 2010 წელს უბრალოდ ყველაზე რეზონანსული იყო“, - წერს ანალიტიკოსი.
გარდა ამისა, დავით ქართველიშვილი ორ გარემოებაზე მიანიშნებს, თუ რატომაც იქნება პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანი.
„ასეა თუ ისე, მომავალი სასამართლო პროცესი მისასალმებელია ასევე როგორც მინიმუმ ორი პოლიტიკური გარემოების გამო. პირველი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ენდობა ქვეყნის სასამართლო სისტემას, მიმართავს მას საკუთარი ღირსების დასაცავად და ხელისუფლების მიერ შესასრულებელ 12 რეკომენდაციაში (სასამართლო რეფორმის ნაწილში) ეს აუცილებლად დადებითად აისახება. მეორე გარემოება ასევე ეხება 12 პუნქტს - „დეპოლარიზაციის“ ნაწილში. კარგია, როდესაც ორი, თუნდაც მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკური ძალა, ყოველგვარი „ქუჩური გარჩევების", თუ აგრესიული რიტორიკის გარეშე ერთმანეთის მიმართ ცივილიზებურად და საუკეთესო ევროპულ ტრადიციებში, სასამართლოში გაარჩევენ მტყუან-მართალს. მე არა მგონია, მამუკა ხაზარაძემ გადაიფიქროს ეს სასამართლო დავა და ქართულ საზოგადოებას წინ ელის მართლაც რომ საინტერესო და სადღაც, პრეცედენტური პროცესი, სადაც აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე“, - წერს დავით ქართველიშვილი.