logo_geo
eng_logo
ბრიტანული კომპანია „Globetrotter TV“ საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდს იღებს
- +

11 სექტემბერი. 2023. 14:09

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს მოწვევითა და მხარდაჭერით, საქართველოში იმყოფება  ბრიტანული სატელევიზიო კომპანია „Globetrotter TV“-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც „საოცარი სპა ქალაქი“-ს სერიებისთვის ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდს იღებს. გადაღებები უკვე განხორციელდა  სამ ლოკაციაზე - ქ. თბილისში, კურორტ საირმესა და კურორტ წყალტუბოში.  

 

„საქართველოს ბალნეოლოგიური კურორტების შესახებ სატელევიზიო ეპიზოდის გადაღება  „ევროპის თერმული ქალაქების ასოციაციასთან“ თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა, რომლის გენერალურ ასამბლეასაც სწორედ კურორტ წყალტუბოში, 2024 წლის მაისის თვეში ვუმასპინძლებთ.  აღნიშნულ ასამბლეას ევროპის 15 ქვეყნის 70-მდე წარმომადგენელი და კურორტის მფლობელი დაესწრება. სატელევიზიო კომპანია „Globetrotter TV“-ის მიერ გადაღებულ ეპიზოდზე კურორტების განვითარების სააგენტოს საავტორო უფლება ექნება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, იგი აქტიურად გამოვიყენოთ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას და მდგრად განვითარებას“, - აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

 

50-წუთიანი ხანგრძლივობის სატელევიზიო ეპიზოდი 2024 წლის ივლისში, ბრიტანულ სატელევიზიო პლატფორმა „Sky Channel“-ზე გავა და ხელმისაწვდომი იქნება Amazon Prime & Sky UK აშშ-ის, კანადის, ავსტრალიისა და ევროპის 200 მილ-ზე მეტი აუდიტორიისთვის.

 

„საქართველო აღმოჩნდა იმაზე საინტერესო, ვიდრე ველოდით. ვფიქრობ, რომ სატელევიზიო ეპიზოდი, რომელიც გადავიღეთ, უფრო მეტად გაახალისებს მომდევნო სერიას, რადგან სხვა სპა ქალაქებში, რომლებიც აღნიშნული სერიისთვის გადავიღეთ, მომხმარებლები მხოლოდ გაჯანსაღებისთვისა და მკურნალობისათვის ჩადიან, საქართველოში კი ვნახეთ კურორტები, სადაც მომხმარებელს თერმული წყლებით მკურნალობის გარდა სხვადასხვა  გასართობ აქტივობასაც სთავაზობენ. სწორედ აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს შესახებ ეპიზოდი იქნება რადიკალურად განსხვავებული და გამორჩეული სხვა ევროპული სპა ქალაქების ეპიზოდებისაგან“, - აღნიშნა სატელევიზიო ეპიზოდის წამყვანმა ელენ კოგლანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner