„საქართველოს ხელში აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რათა იმოძრაოს NATO-ს წევრობისაკენ", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს რეფორმები თავდაცვის სექტორში და განაცხადა, რომ NATO-ს წევრები მიესალმებიან ამ რეფორმებს.
„NATO-საქართველოს პაკეტს თავისი შედეგები მოაქვს, ერთ-ერთი გახლავთ ერთობლივი მომზადებისა და წვრთნის ცენტრი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. აღნიშნული მომზადების ცენტრი მიმართულია საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისაკენ. ყველა მოკავშირე მივესალმებით თბილისში თავდაცვის სექტორის რეფორმებს. ყველა მათგანის მიღწევა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და NATO-სთვის და მივესალმები საერთო პროგრესს. ეს გახლავთ ქვაკუთხედები საქართველოსთვის, როგორც NATO-ს ე.წ. ასპირანტი ქვეყნისთვის", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.