logo_geo
eng_logo
პრემიერი: 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან
- +

12 სექტემბერი. 2023. 11:27

 

 

„დღეს 116 წელი შესრულდა თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ ილია ჭავჭავაძეს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.

 

„დღეს 116 წელი შესრულდა დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

 

ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა:  „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო“. მართლაც, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. მისმა ტიტანურმა ძალისხმევამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს თავისუფლებისთვის, განსაზღვრა შემდგომი განვითარების პროცესები, შექმნა ურღვევი ფასეულობათა სისტემა, რომელიც დღესაც ორიენტირად რჩება ჩვენთვის.

 

ჩვენმა დედა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია მართალი უწოდა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის - სწორედ სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად. მარადიული იყოს მისი ნათელი ხსოვნა!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner