ავტორი თაკო კვარაცხელია
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წარდგინება დარეგისტრირებულია. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატმა მოაწერა ხელი. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ ვიზიტების სერია მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო და ამით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი მეორე დღეა ოპოზიციონერებთან მართავს შეხვედრებს, თუმცა, შეხვედრას არ ესწრებიან „ევროპელი სოციალისტები“, რომლებმაც თავიდანვე დააფიქსირეს პოზიცია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ. „რეპორტიორის“ სტუმარია პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერი, პარლამენტის წევრი ფრიდონ ინჯია.
- ბატონო ფრიდონ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრეს. პრეზიდენტის სასახლეში არ იმყოფებოდით თქვენ და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ არცერთი წარმომადგენელი. პრეზიდენტს არ გამოუთქვამს სურვილი, რომ თქვენც დასწრებოდით აღნიშნულ შეხვედრას?
- არა, სალომე ზურაბიშვილს შეხვედრაზე არ მივუწვევივართ, რადგან ჩვენ თავიდანვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტს, ასეთ შემთხვევაში ლოგიკური იქნება, იგი თავად გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც მან დაარღვია სახალხოდ დადებული ფიცი საქართველოს კონსტიტუციისადმი პატივისცემისა და მისი ყველა მუხლის განუხრელი შესრულების შესახებ. თუკი ეს ასე არ მოხდება, ზურაბიშვილი თავად არ დატოვებს პოსტს და იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე გავა, მაშინ ჩვენი გუნდი მის გადადგომას ხმას მისცემს. კონსტიტუციის დაცვის გარდა პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს გუნდური პრინციპით მოქმედება ასრულებს, სალომე ზურაბიშვილმა კი, უგულებელყო როგორც კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა, ისე გუნდური პრინციპით მოქმედების პოლიტიკური წესები. კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი არის გარანტი ერთიანობის. აქ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ერთიანობა და გუნდური პრინციპის ერთგულება იგულისხმება. იმ ხელისუფლებასთან გუნდური თანამშრომლობა, რომელმაც იგი პრაქტიკულად პრეზიდენტად მოიყვანა. აქვე ხაზს გავუსვამ ერთ დეტალს: თუკი ზურაბიშვილი ფიქრობდა, რომ არაფერს აშავებდა და არაფერს არღვევდა, რატომ გაემგზავრა ევროპაში პირადი სახსრებით და არა სახელმწიფო ბიუჯეტით?! ამ ნაბიჯით, მან თავად დაამტკიცა, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე შეგნებულად წავიდა, მაგრამ მის მიმართ, დამატებით, სისხლის სამართლის საქმეც რომ არ აღძრულიყო, სახელმწიფო ხარჯებით გამგზავრება არ გარისკა.
- ბატონო ფრიდონ, თუკი სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე იცოდა, რომ ის არღვევდა კონსტიტუციას, თქვენი აზრით, რატომ გარისკა და შეგნებულად რატომ წავიდა ამ მასშტაბის დარღვევაზე?
- სალომე ზურაბიშვილი, ისე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, თავის თავს არ ეკუთვნის და დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ისინი აკეთებენ იმას, რასაც გარედან კარნახობენ. მათ ერთი პატრონი ჰყავთ და ეს პატრონი ამერიკის შეერთებული შტატებია. სხვათაშორის, მარტო მათ კი არა, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსაც იგივე პატრონი ჰყავს, სწორედ ამიტომ, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას გააჟღერა არა საკუთარი სათქმელი, არამედ ის, რაც დააბარეს და დაავალეს. თავხედობის წარმოუდგენელი დონე იყო, როცა ის ჩვენს შიდა საქმეში ჩაერია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა და თქვა, ეს საკითხი პოლარიზაციას საქართველოში კიდევ უფრო გაზრდისო.
- როგორ ფიქრობთ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, ელოდებით თუ არა, რომ არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობა დააყენებს მისი იმპიჩმენტის საკითხს, არამედ, სწორედ ის ხალხი გამოვა ქუჩაში და მოითხოვოს მის გადადგომას, რომელმაც თავის დროზე, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აირჩია?
- არ გამოვრიცხავ, მითუმეტეს, რომ ამის პრეცედენტიც გვაქვს. 2003 წელს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადაგომა ათიათასობით ადამიანმა მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი დადგენილება მის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით. თუკი პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება იარსებებს, პარლამენტი კი შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ არის გამორიცხული, ხალხი ქუჩაში გამოვიდეს და იგივე მოხდეს, რაც შევარდნაძის შემთხვევაში მოხდა.
- ელოდებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურის შემთხვევაში, ის საქმეს იმპიჩმენტამდე არ მიიყვანს და თავად დატოვებს თანამდებობას?
- თუ სინდის-ნამუსი შერჩენილი აქვს, მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას!
- მაგრამ, თუკი ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს და საქმე მაინც იმპიჩმენტამდე მივა, უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალიტების“ ხმები მის გადაყენებას მაინც არ ეყოფა... ელოდებით, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილიც ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისცემს ხმას?
- ვფიქრობ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები დაფიქრდებიან და წინ გახედვას შეეცდებიან. თუკი ისინი მხარს არ დაუჭერენ იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რომელიც სასამართლოს დასტურით იქნება კონსტიტუციის დამრღვევი, მათ საკუთარი გადაწყვეტილება აუცილებლად წინ დახვდებათ. ამით თვითონაც კონსტიტუციას დაარღვევენ. ვფიქრობ, ისინი იმპიჩმენტისთვის მხარის არდაჭერას, უბრალოდ, ვერ გაბედავენ.
- ინტერვიუს დასაწყისში სალომე ზურაბიშვილს გუნდური მუშაობის უნარი დაუწუნეთ და აღნიშნეთ, რომ ის პრეზიდენტის პოსტზე ხელისუფლების ძალისხმევით მოვიდაო. ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილზე რას იტყვით, ბატონო ფრიდონ, მათ ხომ გიორგი მარგველაშვილის ცუდი გამოცდილების მიუხედავად, მეორედ დაუშვეს შეცდომა და ქართველ ხალხს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აარჩევინეს?
- ეს საქართველოს ხელისუფლების უმძიმესი ტვირთი და ერთ-ერთი უდიდესი შეცდომაა! სალომე ზურაბიშვილისგან მათ არაფერი უნდა გაჰკვირვებოდათ, რადგან ამ ქალბატონმა არ იცის გუნდური თამაში, გუნდური მუშაობა. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამაც კი გაუშვა მინისტრის თანამდებობიდან. ზურაბიშვილს იმდენჯერ ჰქონდა შეცვლილი საკუთარი პოზიცია 180 გრადუსით, იმდენად არათანმიმდევრული იყო მისი გამოსვლები, ეს ყველაფერი რომ გაეანალიზებინა მოქმედ ხელისუფლებას, ზურაბიშვილის პრეზიდენტობას მხარს თავის დროზეც არ დაუჭერდნენ. სამწუხაროდ, ამაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია.