საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ბულგარეთის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჯენალ ტოპალოვა-იაშართან და კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრაზე გივი მიქანაძემ ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობისა და იმ შესაძლებლობების უფრო მეტი რეალიზაციის მნიშვნელობას, რომელიც ორი ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენლებს შორის შესაძლებელია განვითარდეს. აღინიშნა განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული თანამშრომლობის ბაზის მნიშვნელობა და ორი ქვეყნის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების მხრიდან ამ შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობა. გივი მიქანაძე ინიციატივით გამოვიდა ყოველწლიურად ჩატარდეს ერთობლივი საკომიტეტო სხდომა მონაცვლეობით ორივე ქვეყანაში, სადაც განხილული იქნება განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები. კომიტეტის წევრებმა ეს ინიციატივა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის თანამშრომლობის გააქტიურებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა Horizon Europe-ის ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებლებსა და მეცნიერებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, აგრეთვე ერასმუს პლუსის პროგრამის ერთობლივად განხორციელებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, ასევე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ოთარ ბერძენიშვილი.