ჟურნალისტი ზაზა დავითაია გაზეთ „ასავალ-დასავალში" გოგა ზაინდრავას ფილ „ჰეროკრატიას" ეხმაურება, რომლის პრეზენტაციას კინოთეატრ „რუსთაველში" თავად ესწრებოდა. დავითაია აქვე იხსენებს ისტორიას, როგორ უკეთებდნენ პატიმარ ქალებს სანდრა რულოვსის პატრონაჟით ოპერაციებს, რომლებიც არ სჭირდებოდათ.
„სტოპ კადრი. ისევ „დეჟა ვიუ". სახლში მაკითხავენ მსჯავრდებული მანდილოსნების გულშემატკივრები და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითქმის იდენტურ ისტორიებს მიყვებიან, რომ მათ ახლობელ პატიმარ ქალს ციხის ადმინისტრაცია ოპერაციის გაკეთებას აძალებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინათ ქალთა ციხეში სანდრა რულოვსის პატრონაჟით სკრინინგ პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში პატიმარ ქალებს უფასოდ იკვლევენ და, რაც ყველაზე გასაკვირია, ქალური ორგანოების სიმსივნის დიაგნოზს ლამის კონვეირებული წესით უსვამენ! ამასთან, პროგრამის ფარგლებში ოპერაციის უფასოდ გაკეთებას სთავაზობენ! როგორ მოიქცევა მრავალწელმისჯილი, მატერიალურად არცთუ შეძლებული ქალი, რომელსაც სასიკვდილო სენის შესახებ შეატყობინეს და იმედი გადაუწურეს, რომ თუნდაც სასჯელის ვადის ამოწურვამდე იცოცხლოს, ოპერაციის ხარჯებს მაინც ვერ დაფარავს? და ქალების ერთი ნაწილი ოპერაციაზე თანხმდება. მათ ასევე ლამის კონვეირული წესით აჭრიან ქალურ ორგანოებს! მეორე ნაწილი კი საოპერაციო მაგიდიდან თავის დაღწევას „ასავალ-დასავალის" ცხელი ხაზისთვის ინფორმაციის მიწოდების და პუბლიკაციის შედეგად ახერხებს. მათ შორის არიან ვიცე-პოლკოვნიკი ქეთევან ზარნაძე, ყოფილი პროკურორი ნანა თხელიძე და ცნობილი აფთიაქარის „ჩაშკას" ქალიშვილი ხათუნა ჯანაშვილი.
„ასავალ-დასავალის" დახმარებით საოპერაციო მაგიდიდან თავდაღწეული უკლებლივ ყველა ყოფილი პატიმარი ქალი დღეს ცოცხალია და სრულიად ჯანმრთელი! მათთვის სანდრა რულოვსის სკრინინგ-პროგრამის ფარგლებში დასმული დიაგნოზი ფალსიფიცირებული იყო! იმ ქალების ნაწილი, ვისაც სანდრას დახმარებით ოპერაცია გაუკეთეს, უკვე გარდაცვლილია, რამდენიმე კი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება! თანაც ქალურ ორგანოებს ამ მანდილოსანთა უმრავლესობის იმ ასაკში კვეთდნენ, როცა მათ კიდევ შეეძლოთ ბავშვის გაჩენა!" - წერს „ასავალ-დასავალში ზაზა დავითაია.