„ყურადღებით მოვისმინეთ ევროკომისიის შუალედური ანგარიში და ამის მიხედვით გრძელდება რეკომენდაციებზე მუშაობა. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სტრასბურგში განაცხადა, სადაც საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს მართავს.
„საკითხები ფართოა და ჩვენი მხრიდან საკანონმდებლო კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. ეს ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ევროპარლამენტის წევრებს. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ყველა პოლიტიკური ძალა თავისი ინტერესიდან გამომდინარე აკეთებს შეფასებას. არიან ევროპარლამენტარები, რომლებიც ცდილობენ 12 რეკომენდაციის შესრულება იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისთვის საქართველოში. ეს არის ჩვენი კოლეგების უმრავლესობისთვის მიუღებელი მიდგომა და ნამდვილად რთულია ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ამ მოსაზრებებს დაეთანხმონ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.