„სამეგრელოში შემოვიარეთ სამ დღეში რეგიონი და მოვიდა არაერთი ადამიანი, გვეუბნებოდნენ, რომ ამაყები ვართ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმ სიმართლეს, რასაც ფიქრობს, ეუბნება თქვენ ევროპელ კოლეგებსო“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი Live“ განაცხადა.
„მოდით დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და როგორ ხმოვანდება ამბავი, ამაზე ვიფიქროთ. ათიათასობით ადამიანი გვისმენს და გვიყურებს და საკუთარ დასკვნას გააკეთებს. თუ თქვენ საქართველოში, ხელისუფლებაში, პარლამენტში, პატივისცემას გამოიჩენთ კონსტიტუციის მიმართ, თქვენი ქვეყნის, საქართველოს ეროვნული და უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის მიმართ, ეს ხელს შეგიშლით ევროპულობაში და ევროპულ გზაზე სიარულში - ეს არის სწორი მოცემულობა? ასეთი რამ არ უნდა გვითხრან. ჩვენ გავბედეთ, რომ ჩვენს მეგობრებს როგორც უფროს მეგობრებს ისე ვესაუბრებით და ვიღაცები ოპოზიციაში რომ საუბრობენ ერთი ბატონის მეორე ბატონით შეცვლაზე და ევროპამ რომ გვითხრას ცალ ფეხზე უნდა იდგეთ, უნდა ვიდგეთო - არ ვაპირებთ ჩვენ ამას. ჩვენ გავბედეთ, ამის ძალა შეგვწევს და ეს ძალა არის ჩვენი ქართული საზოგადოება და მისი სიყვარული ეროვნულობის, საკუთარი წარსულის, აწმყოს და მომავლის პატივისცემის. ეს გვაძლევს იმის ძალას, რომ ჩვენ ვბედავთ, რომ ჩვენს მეგობრებს ვესაუბრებით თანაბარ პოზიციაში. სამეგრელოში შემოვიარეთ სამ დღეში რეგიონი და ყველა ამას გვეუბნება. მოვიდა არაერთი ადამიანი და გვეუბნებოდნენ, რომ ამაყები ვართ, როდესაც პრემიერ-მინისტრი იმ სიმართლეს, რასაც ფიქრობს, ეუბნება თქვენ ევროპელ კოლეგებსო. ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის. ამისთვის ვიბრძვით და ამისთვის გადადო ყველამ თავი ხელისუფლებაში და ხალხშიც, სხვათა შორის. რომ არა მათი მხარდაჭერა, ჩვენ ასეთი თამამები ამ გადაწყვეტილებაში ვერ ვიქნებოდით. ორი რაღაც ასაზრდოებს ამ სითამამეს - ეს არის სიმართლე და ხალხის მხარდაჭერა“, - აღნიშნა მდინარაძემ.