მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, ტანძიის ქუჩისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთიდან ტაშკენტისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთამდე, არსებულ საგზაო მონაკვეთში დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა.
ცვლილება 15 სექტემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ ტაშკენტის ქუჩიდან ტანძიის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ტანძიის ქუჩიდან ტაშკენტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის, დავით გამრეკელისა და არჩილ ცაგარელის ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N347 ავტობუსი ნუცუბიძის I პლატოდან სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ყაზბეგის გამზირიდან ტანძიისა და ადამ მიცკევიჩის ქუჩებზე აღარ გადაადგილდება. კერძოდ, ავტობუსი სვლას კვლავ ყაზბეგის გამზირზე გააგრძელებს, რის შემდეგაც, დავით გამრეკელის ქუჩით დაუკავშირდება მიცკევიჩის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი დადგენილი სქემით იმოძრავებს.
N497 მიკროავტობუსი ვეძისის დასახლებიდან ბუკიას ბაღის მიმართულებით მოძრაობისას, იონა ვაკელის ქუჩიდან გაივლის ტანძიის ქუჩას, მობრუნდება საირმის ქუჩის გადაკვეთასთან, რის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას გააგრძელებს ყაზბეგის გამზირზე და გამრეკელის ქუჩით სულხან ცინცაძის ქუჩას დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსის მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.