ამას წინათ, დიდუბის პანთეონმა მიიბარა ნოდარ ლომოური... იგი დაიკრძალა თავისი სახელოვანი მამის - იულონ ლომოურის გვერდით. 9 აგვისტოს, ბატონი ნოდარი 90 წლის გახდებოდა, მაგრამ 3-ში აღესრულა... როგორც გამოსამშვიდობებელ წერილში, სულთათანაში აღნიშნავდნენ მისი კოლეგები, ნოდარ ლომოურმა „იცხოვრა და იმოღვაწა საუკუნეში, რომელიც დასაწყისიდანვე აღსავსე იყო სირთულეებითაც, განუკითხაობა-ბოროტებითაც და სიკეთე-ერთგულებითაც და ყველა ეტაპი განვლო ისე, რომ არც ერთი ადამიანური გრძნობის, ღირსების, ქართველობისა და საქართველოს წინაშე - არც მეცნიერული და არც პიროვნულ-საზოგადოებრივი მოვალეობისათვის არ გადაუხვევია, არ უღალატია. პირიქით, მთელი სიცოცხლე სწორედ ამ მოვალეობის აღსრულებას მიუძღვნა თავდაუზოგავად.."
უაღრესად მრავალფეროვანია თვალსაჩინო ქართველი მეცნიერის მიერ მოძიებული და დამუშავებულ საკითხთა სპექტრი: იბერიის (ქართლის) სამეფოს ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, იბერიის სამეფოს პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ანტიკურ ხანაში, ქართლის სამეფოს ურთიერთობა რომის იმპერიასა და სასანურ ირანთან, ქართლისა და ეგრისის გაქრისტიანების პრობლემა, ეგრისის სამეფო, მისი როლი და მნიშვნელობა, ეგრისის სამეფო, მისი როლი და მნიშვნელობა იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში, ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხი, ბერძენ ლოგოგრაფოსთა ცნობები საქართველოს შესახებ, უცხოელ ავტორთა ცნობები თბილისის შესახებ, ამიერკავკასიის ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების სახე და ხასიათი ანტიკურსა და ელინისტურ ხანაში, პონტოს სამეფო და მისი ისტორიული როლი, ძველი ასურეთის სამეფო თანამედროვე მკვლევარის თვალთახედვით, დიონ-კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ - სამაგიდო წიგნი სპეციალისტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებულთათვის, ბერძნული ტექსტის უბადლო ქართული თარგმანითა და სამეცნიერო აპარატით აღჭურვილი. ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია ნოდარ ლომოურის გამოკვლევები საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების, ადრეული შუასაუკუნეების, ანტიკური ქვეყნებისა და ბიზანტიის ისტორიასთან დაკავშირებით.
ნოდარ ლომოურმა ახლებურად გაიაზრა საქართველოს ისტორიის, აღმოსავლეთთან ქართულ პოლიტიკურ ერთეულთა კონტაქტების არაერთი პრობლემა. მან პირველმა ქართულ ისტორიოგრაფიაში წამოჭრა საკითხი კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაციის თავისებურებათა შესახებ და გამოთქვა მოსაზრება, რომ კოლხეთის სანაპიროს ბერძნულ კოლონიებად მიჩნეული ქალაქები, რეალურად, ადგილობრივი საქალაქო ცენტრებია, რომელთა გვერდით მოგვიანებით გაჩნდა ბერძნული სავაჭრო დასახლებები. 1962 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში - „კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია"1 გამოთქმული ეს მოსაზრება ნოდარ ლომოურმა, შემდგომში, ახალ მონაცემებსა და არქეოლოგიურ წყაროებზე დაყრდნობით, მეტად ვრცლად და დასაბუთებულად წარმოაჩინა არაერთ ნაშრომში ქართულ, გერმანულ, რუსულ ენებზე და იგი გაზიარებულ იქნა სპეციალისტთა მიერ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე (1977 წელი და სხვა...).
ნოდარ ლომოურმა დაამუშავა მთელი ციკლი პრობლემებისა, რომლებიც ეხებოდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა და საერთოდ, დასავლეთ საქართველოს უძველეს ისტორიას, აქაურ პოლიტიკურ გაერთიანებათა ეთნიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტთა შესწავლას. ამ მხრივ მეცნიერებაში აღიარებულია მონოგრაფია „ეგრისის სამეფოს ისტორია". ასევე ცალკე თემაა ნოდარ ლომოურის პუბლიკაციები ბერძენ ლოგოგრაფოსთა შესახებ.
აღსანიშნავია, ნოდარ ლომოურის ფრიად ნაყოფიერი მუშაობა არქეოლოგიურ ექსპედიციებში (არმაზციხე, მცხეთა, უჯარმა, შორაპანი, გრძელი მინდორი). ფრიად ნაყოფიერი იყო მისი მონაწილეობა ნოქალაქევის (არქეოპოლისის-ციხეგოჯის) ექსპედიციაში, რომლის ფრიად ხელშესახებ შედეგებს მან მიუძღვნა მრავალი გამოკვლევა. განსაკუთრებით საყურადღებოა მეცნიერის ღრმამეცნიერული გამოკვლევები ეგრისის და ქართლის (იბერიის) პრობლემებზე. ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნის დროისა და თარიღის შესახებ, აქ ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების თაობაზე, რომთან და შემდეგ ბიზანტიასთან ურთიერთობის შესახებ.
ასევე, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს პროფესორ ნოდარ ლომოურის მიერ პონტოს სამეფოს ისტორიის მონოგრაფიული დამუშავება. რომელი ერთი ჩამოვთვალო...
ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი ნოდარ ლომოურის 3 წიგნის რედაქტორი. ერთი სიამოვნება იყო მასთან ერთად მუშაობა. ეს წიგნებია: „სიმონ ყაუხჩიშვილი - მეცნიერი, მოძღვარი, ერისკაცი, მოქალაქე (თბ., 1996); „ძირძველი ქართული მხარის - აფხაზეთის ისტორიისათვის" (თბ., 2008); „საქართველოს და ბიზანტიის იმპერიის ურთიერთობა, ნაწილი პირველი, IV-IX სს. „პირველში მადლიერმა მოწაფემ წარმოაჩინა დიდი ქართველი მეცნიერის, მისი მასწავლებლის (რომელსაც მან ბოლომდე, განსაკუთრებით, რეპრესიების წლებში, უერთგულა) ღვაწლი. მეორე წიგნი ეხება აფხაზეთის და იქ მოსახლე ტომების ეთნოგენეზისის საკითხებს, სადაც ასკვნის: „აფსილები და აბაზგები, მიუხედავად აფხაზურ-ადიღური წარმომავლობისა, ეთნოკულტურული თვალსაზრისით წარმოადგენენ განუყოფელ ნაწილს ქართული ეთნიკური ერთობისა, ისევე, როგორც ეგრები, სვანები, მესხები..." (გვ. 77).
ბატონი ნოდარი პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სოხუმში, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავდა. საშინლად განიცდიდა შემდგომში დატრიალებულ ტრაგედიას...
ნოდარ ლომოური თამამად უპირისპირდებოდა ექსტრემისტებს და ძალზე მკაცრად ამხელდა მათ მიერ დამახინჯებულად მოწოდებულ ფაქტებს, მაგალითად, პეტრიწონთან დაკავშირებით.
მესამე წიგნში საფუძვლიანადაა განხილული ბიზანტიის იმპერიის საქართველოსთან ურთიერთობის საკვანძო საკითხები.
აქ შეუძლებელია, მეცნიერის შრომების არათუ მიმოხილვა, დასახელებაც კი. დარწმუნებული ვარ, მომავალში შესაძლებელი გახდება მთელი კორპუსის გამოცემა, რადგან მეცნიერული თვალსაზრისით, იგი ფასეულია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მკვლევართათვის, მომავალი თაობისათვის.
2006 წელს გამოცემულ წიგნში - „ქართველი მხედარი მარსის მოედანზე"1 - ნოდარ ლომოური რეალობითა და ფანტაზიით ნასაზრდოები მხატვრული ენით, ნატიფი სტილით გადმოგვცემს საქართველო-რომის ურთიერთობის ეპიზოდს ფარსმან იბერიელთან დაკავშირებით.
ნოდარ ლომოური - ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების დაუშრომელი კირითხურო, ბრწყინვალე ლექტორი, წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კავშირის პრეზიდენტი, ავტორიტეტული ჟურნალების სარედაქციო კოლეგიების წევრი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე.
მის ხასიათში ერთმანეთს ერწყმოდა, შეთავსებული იყო პრინციპულობა, სიმკაცრე, კეთილშობილება, ადამიანური სითბო, ჭირისა და ლხინის გაზიარების იშვიათი უნარი. შესანიშნავი მოლხენა იცოდა...
ლომოურების სახელოვანი გვარის ღირსეული ტრადიციების გამგრძელებელი, „ახალი ათონელის" - სიმონ ყაუხჩიშვილის ერთგული მოწაფე - პროფესორი ნოდარ ლომოური ეროვნულ მეხსიერებაში ნამდვილად აღიბეჭდება, როგორც გამორჩეული პიროვნება.
ვალერი ასათიანი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
გაზეთი „ქართული სიტყვა"