„ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები, შრომის უსაფრთხოება, დასაქმების ხელშეწყობა, შრომის კოდექსი - ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე ახლოს ვართ ევროკავშირთან. ამ კუთხით ჩვენს კანონმდებლობაში განხორციელდა ძირითადი ცვლილებები ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ დირექტივებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე - „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“.
ზაზა ლომინაძის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხები, რასაც პარლამენტი, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი აკეთებდა და აკეთებს ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში, ვინაიდან, 2006 წლის „შრომის კოდექსით“, მნიშვნელოვნად იყო შეზღუდული დასაქმებულთა უფლებები, აგრეთვე გაუქმდა შრომის ინსპექცია, რის შემდეგაც შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობა აღარ ხორციელდებოდა, დამსაქმებელს უფლება ჰქონდა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა დასაქმებული როცა მას მოესურვებოდა.
„2012 წლიდან, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, დაიწყო მუშაობა „შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე, რათა კანონი უფრო მეტად დაბალანსებული გამხდარიყო დასაქმებულისა და დამსაქმებლის უფლებათა კუთხით. შედეგად 2013 წელს განხორციელდა მასშტაბური ცვლილებები: დამსაქმებელს შეეზღუდა შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების შესაძლებლობა; შეიზღუდა ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობის ზედა ზღვარი; გაჩნდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება; განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები; დაწესდა ყოველდღიური და ყოველკვირეული სამუშაო დროის ზედა ზღვარი (ზეგანაკვეთურის ჩათვლით) არასრულწლოვანებისთვის; დადგინდა ყოველდღიური და ყოველკვირეული დასვენების დრო და შემოვიდა ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირის ცნება, რომელზეც გავრცელდა დაცვის გარანტიები.
მნიშვნელოვანი დაცვის გარანტიები შემოვიდა ორსულებისთვის. კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა დირექტივებთან, რომლებიც არეგულირებენ სამსახურიდან კოლექტიური გათავისუფლების საკითხებს და სხვა. მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა 2023 წლის 1 იანვრიდან, როდესაც გაორმაგდა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაზე გასაცემი დახმარების ოდენობა და ის გაიზარდა 1000-დან 2000 ლარამდე“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირის კანონებთან მიმართებით შრომის უსაფრთხოების, შრომის კოდექსის ჰარმონიზაციის კუთხით მიღწევები თვალშისაცემია, თუმცა იმისათვის, რომ ქვეყანა მაქსიმალურად მიუახლოვდეს ევროკავშირის მოთხოვნებს, კომიტეტი კვლავაც აგრძელებს მუშაობას კანონმდებლობის დახვეწაზე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებმა.
კონფერენციაზე ძირითადი განსახილველი საკითხები უკავშირდება გარემოს დაცვას და სოფლის მეურნეობას, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და შრომით უფლებებს.