logo_geo
eng_logo
გურამ გურამიშვილმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლებს დარგის განვითარების სტრატეგია წარუდგინა
- +

14 სექტემბერი. 2023. 17:36

 

 

საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების სტრატეგია და მისი ძირითადი მაჩვენებლები  განიხილეს დღეს ინვესტორთა საბჭოს ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა მიიღო მონაწილეობა.

 

შეხვედრაში, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ოფისში გაიმართა, ასევე მონაწილეობდნენ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ალკის ვრიენიოს დრაკინოსი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ერეკლე კეჟერაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსანდრა სულაძე, აგრეთვე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მსხვილი კომპანიების, პროფილური ბიზნეს ასოციაციებისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის 2023 – 2030 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საჯარო განხილვებისა და პროფილურ ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა. მისი თქმით, სტრატეგიაში ნათლად აისახა ქვეყანაში ამ უმნიშვნელოვანესი მიმართულების განვითარების ვექტორები. მისი თქმით, მთავრობა სამომავლოდ საქართველოს განიხილავს, როგორც რეგიონულ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბს, თუმცა ამის მისაღწევად აუცილებელია დარგში მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობის განახლება, მიწოდების ჯაჭვის მართვის ეფექტურობის ზრდა, ასევე, სამუშაო ძალის ორგანიზების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და სხვ.

 

გურამ გურამიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორიც სატრანზიტო დერეფნის, საერთაშორისო ბაზრებზე ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, რათა მეტი ტვირთი იყოს მოზიდული საქართველოზე გამავალ ე.წ. შუა დერეფანში, რომელიც უმოკლესი სახმელეთო გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა შავი ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებაზე, სანავსადგურე სერვისების გაციფროვნებასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების შესახებ.

 

სტრატეგიის განხილვის შემდეგ, დარგის წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრება დარგის განვითარებასთან დაკავშირებით.

 

ინვესტორთა საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner