logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშიამ კადისის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა
- +

14 სექტემბერი. 2023. 23:08

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კადისის (ესპანეთი) უნივერსიტეტში ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრები დაარსდება, - ამის შესახებ თსუ რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე, ხელი მოეწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, შეთანხმების თანახმად, თსუ-სა და კადისის უნივერსიტეტში დაარსდება ქართულ-ესპანური თანამშრომლობის ცენტრი. ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კადისის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს დეტალურად შეისწავლონ უნივერსიტეტებში არსებული კვლევითი მიმართულებები და იმუშაონ საერთო პროექტებზე.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ესპანური და ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის სწავლებას, პოპულარიზაციას პარტნიორ უნივერსიტეტებში. „ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რაც გვაქვს და რაც გვინდა, რომ განვითარდეს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის. აღნიშნული მემორანდუმები ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს. თუმცა, შესაძლებელია, რომ ჩვენ უფრო გავაფართოოთ თანამშრომლობა ქართულ-ესპანური სამეცნიერო ხიდის დაარსებით, საერთო კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებით, რომლითაც უფრო დავაახლოებთ ქართველ და ესპანელ მეცნიერებს“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

კადისის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმარაფაელ ხიმენეს კასტანედამ მადლობა გადაუხადა თსუ რექტორს მასპინძლობისთვის. „ჩვენი უნივერსიტეტი ღიაა ამ თანამშრომლობისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის. გვსურს თანამშრომლობა სხვადასხვა კუთხით, მათ შორის საერთო პროექტების განხორციელების, ერთობლივი სიმპოზიუმებისა და კონფერენციების ჩატარების მიმართულებით“, - განაცხადა რაფაელ ხიმენეს კასტანედამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner