ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი იმყოფება. დღეს ალიანსის პირველი სამხედრო პირი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო.
გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები და NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო მისიებში და ნოემბერში საქართველოში დაგეგმილ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებას. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მისი ზეგავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობა შეაჯამა და გენერალ პეტრ პაველთან განხილული თემების შესახებ ისაუბრა: „ვიზიტი სწორ დროს სწორი აქცენტებით ტარდება. ძირითადად წამყვანი პოლიტიკური ნაწილის შეხვედრა იყო, სადაც არსებული მდგომარეობა განვიხილეთ. საქართველოს ხაზგასმით გადაუხადეს მადლობა იმ კონტრიბუციისთვის, რასაც ავღანეთში და ზოგადად, ნატოსთან მიმართებაში ახორციელებს. ითქვა, რომ საქართველო გამორჩეული პარტნიორია ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან. სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი ძალიან დიდი პატივი იყო ჩვენთვის. გენერალი გაეცნო რეგიონში არსებულ ვითარებას, იმ ნაბიჯებს, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოსთან მიმართებაში დგამს. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გაესვა ხაზი".
NATO -ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართველ სამხედროებს სანდო პარტნიორები უწოდა.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმებისა და NATO -ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს კონტრიბუციის, სწავლებებში მონაწილეობისა და თანამშრომლობის გამო. NATO -თვის საქართველო ძალიან სანდო და აქტიური პარტნიორია. ჩვენ 13 მთავარი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. ნოემბერში კი, საქართველო NATO -საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. NATO -ს პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ჩვენ ყველა რამდენიმე წლის წინ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგული ვრჩებით. საქართველოსთან ახლო თანამშრომლობით, რეფორმებზე ერთობლივი მუშაობით, ურთიერთთავსებადობის გაძლიერებით - საქართველო ნატოს სულ უფრო უახლოვდება. მოხარული ვარ, რომ დიდ პროგრესს ვხედავ. ქართველი სამხედროები ნამდვილი პარტნიორები და სანდო თანამებრძოლები არიან. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შეგვიძლია ქართველი ჯარისკაცების იმედი გვქონდეს", - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა.
შეხვედრაზე გენერლებმა მომავალ წელს საქართველოში NATO -ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შესახებაც იმსჯელეს. მანამდე, კი საქართველო NATO -თან სამუშაო ჯგუფების დონეზე მჭიდრო ურთიერთობას გააგრძელებს.