მინდა ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება. მოგეხსენებათ, რომ დღეს დაიწყო ოფიციალურად უკვე სწავლა და მინდა, პირველ რიგში, მივულოცო ჩვენს პატარებს, ჩვენს პირველკლასელებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და მთლიანად საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სკოლებისა და ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროგრამაზე.
„აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ასეულობით სკოლის, 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას და რომელიც უკვე დაწყებულია. დაკონტრაქტებულია და რამდენიმე ასეული სკოლის რეაბილიტაციის, მშენებლობის პროცესი დაწყებულია, როგორც აღვნიშნეთ. ამ პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ასევე, ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციაც, რომელიც ასევე მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების პროექტია. ეს არის წლების მიხედვით გადანაწილებული. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი მოტივაცია, მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები, ჩვენი მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში, ბაღებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. იცით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო სკოლებში, ბაღებშიც, ყველგან. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ბოლო 10 წელიწადში ძალიან ბევრი სკოლა აშენდა, ასევე ბევრი რეაბილიტირდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, ამიტომ, ეს საკითხი გადაწყვეტილია და მიმდინარეობს ძალიან კარგი ტემპებით“, - აღნიშნა პრემიერმა.