logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ
- +

15 სექტემბერი. 2023. 12:59

 

 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც მოხვდა ასეთ სანქციაში და მნიშვნელოვანია, შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები საკითხთან დაკავშირებით მოიკვლევენ დამატებით ინფორმაციას და შემდეგ მოხდება საზოგადოების ინფორმირება, რასთან არის საქმე.

 

„ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია, არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის სანქციებში მოხვედრილია როგორც კერძო პირი. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ და შესაბამისად იმოქმედონ. შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან, პირველ ყოვლისა, მოიკვლევენ დამატებით ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით და მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას, რასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ხედავს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინოს გავლენა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთი, და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არის საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, ზეწოლა. სააკაშვილის თემაზეც ხომ ხედავთ რამხელა ჯგუფებია ჩართული, რომ გავლენა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე. ასეთი გავლენების მოხდენას სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯგუფები თუ სახელმწიფოები ცდილობდნენ, თუმცა სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სიძლიერე, რომ ერთადერთი სუბიექტი, ვინც მასზე ახდენს გავლენას, არის ქართველი ხალხი. სწორედ ამას რომ ხედავს ქართველი ხალხი, იმიტომაცაა, რომ, უკვე მესამედ, არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner