„დავასუფთაოთ მსოფლიო - 2023“ - საერთაშორისო კამპანიას ყოველწლიურად საქართველოც უერთდება. დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა დედაქალაქში.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ წევრებთან ერთად, თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი დაასუფთავეს.
აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
„დასუფთავების საერთაშორისო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუერთდებით ამ მნიშვნელოვან კამპანიას და ყველას მოვუწოდებთ, ნუ დავაბინძურებთ ბუნებას, ქალაქს და ერთად ვიზრუნოთ გარემოს გაუმჯობესებაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
დასუფთავების მსოფლიო დღე, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით, 1993 წელს დაფუძნდა და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
დასუფთავების ფართომასშტაბიანი აქციების ჩასატარებლად კამპანიამ მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოქალაქეები გააერთიანა. მიმდინარე წლის კამპანიის დევიზია „ადგილობრივი გარემოსდაცვითი ქმედებების მხარდაჭერა, რათა შეიცვალოს სამყარო“.