უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვში აფეთქებების ხმა იყო. ქალაქის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი რაკეტა ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა. შედეგად, დაშავდა ხუთი ადამიანი.
„ეს ჩვენს ქალაქში არსებული ინდუსტრიული ზონაა, ახლა იქ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გვყავს ხუთი დაშავებული, ისინი სამოქალაქო პირები არიან, რომლებიც საწარმოში მუშაობდნენ. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა ტელემარათონის ეთერში.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვთ მიღებული“, - ამბობს სინეგუბოვი.
არსებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვში С-300-ის ტიპის ხუთი რაკეტა გაუშვეს.
უკრაინული მედიის ცნობით, 16 სექტემბერს, დილის საათებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ რუსული ძალები უკრაინის რეგიონებზე ბალისტიკური იარაღით შეტევისთვის ემზადებოდა. საჰაერო განგაშის სიგნალები ამოქმედდა კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, პოლტავას, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და ოდესის ოლქებში.