"საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, ამის იქით რა მოხდება, ჩემი აზრით, დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს, "- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ეს ისეთი კონსტიტუციური და მათ შორის, პოლიტიკური ვერდიქტია პრეზიდენტის მიმართ, როდესაც ორგანო, რომელიც კონსტიტუციის განმარტების უმაღლესი ორგანო და მცველია, მას ეტყვის, რომ დაარღვია კონსტიტუცია და შესაბამისად, დაარღვია ფიცი, ამის იქით იმპიჩმენტს კენჭისყრაში ვინ დაუჭერს მხარს და ვინ – არა, თუ როგორ იქნება, ეს უკვე მეასეხარისხოვანი უნდა იყოს ადამიანისთვის, რომელიც არის პრეზიდენტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.
„ეს არის პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაში, რადიკალური დღის წესრიგის შემოტანა და პოლარიზაციის გაღრმავება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და, რომელმაც შეიძლება, მერე თქვას, ამის შემდეგაც დავარღვევ კონსტიტუციასო, ეს არის საუკეთესო საჩუქარი ქართველი რადიკალებისთვის. უცხოელი დიპლომატები, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც ქალბატონ სალომეს ხვდებიან, ხვდებიან ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც და საჯაროდ გამოთქვამენ წუხილს, რომ იმპიჩმენტი არ იყოს, პირიქით, თუ დღეს საქართველოში რამე ხელს უწყობს რადიკალიზმს, ეს არის პრეზიდენტი, რომელიც არღვევს კონსტიტუციას. თუ ეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, ეს იქნება პირდაპირ საჩუქარი საქართველოში პოლარიზაციის გაღრმავებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.