NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში გრძელვადიანი ომი არის მოსალოდნელი.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, უდავოა, რომ საბოლოოდ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება.
„ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი დადებენ იარაღს, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
როგორც აღინიშნა, ივლისში ვილნიუსში ჩატარებული ნატო-ს სამიტი გზას უხსნის უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს რუსული აგრესიის შეკავების მიზნით. უკრაინამ პირობა დადო, რომ გააუმჯობესებს სამთავრობო პოლიტიკას, რომელიც მოიცავს სასამართლო და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე გამჭვირვალობის გაუმჯობესებას.