logo_geo
eng_logo
ივიკო სეხნიაშვილი: ძალიან მენატრება ჩემი მაყურებელი!
- +

17 სექტემბერი. 2023. 19:59

 

 

პოპულარული ტელეწამყვანი ივიკო სეხნიაშვილი მაყურებელს სულ პატარა ასაკიდან ახსოვს. იგი 18 წლის იყო, როცა პირველი დამოუკიდებელი ტელეარხის, „იბერვიზიის“ საინფორმაციო პროგრამის წამყვანი გახდა. ახლა კი, წლებია, ის ტელეეთერში აღარ გამოჩენილა და ჟურნალისტების ახალი თაობის აღზრდითაა დაკავებული. ივიკო „ნიუუნიში“ კითხულობს ლექციებს და „რეპორტიორის“ მკითხველს ერთ სასიხარულო ინფორმაციასაც უზიარებს - არაა გამორიცხული, მალე ის ცისფერ ეკრანს დაუბრუნდეს.

 

- ივიკო, 18 წლის იყავით, როცა ტელევიზიაში დაიწყეთ მუშაობა და სულ პატარა ბიჭი პირდაპირ ეთერში, პირველად მიესალმეთ მაყურებელს. როგორ მოხვდით პირველ ქართულ დამოუკიდებელ არხზე და ახლა როგორი ემოციით იხსენებთ თქვენს პირველ ნაბიჯებს ჟურნალისტიკაში?

 

- დაუვიწყარი შეგრძნება იყო! 1992 წელი იყო, თბილისის ომის პერიოდი. მაშინ არ არსებობდა ამდენი ტელევიზია, არსებობდა მხოლოდ საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი. ზუსტად ამ პერიოდში გაიხსნა პირველი დამოუკიდებელი ტელევიზია „იბერვიზია“, სადაც ახალგაზრდების არაჩვეულებრივი გუნდი შეიკრიბა და მეც დიდი სიამოვნებით დავიწყე იქ მუშაობა. „იბერვიზია“ ახალი სიტყვა იყო ქართულ რეალობაში და ჩვენთვის ძალიან დიდი ამოცანა აღმოჩნდა, თუ როგორ დავძლევდით სულ პატარა გოგო-ბიჭები ამ გამოწვევას. ძალიან პატარა ასაკში გავხდი საინფორმაციო პროგრამა „მონიტორის“ წამყვანი. არეულობის, უშუქობის, სიცივის, უპერსპექტივობის პერიოდში, ჩვენ ერთადერთი ნათელი წერტილი ვიყავით მაყურებლისთვის. ამ დროს დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ვიხსენებ, რადგან ნაცრისფერ გარემოსა და სიცივეში, ვათბობდით ადამიანების გულებს, მათ ახალ ამბებს ახლებური სტილით, ლაღად და ახალგაზრდული შემართებით ვუყვებოდით. მაყურებლის მიმართ ძალიან დიდ სითბოს გავცემდით და ვგრძნობდით, რომ ჩვენი მაყურებელიც იმავე სითბოს გვიბრუნებდა უკან.

 

- მაშინ, ალბათ, სულ სხვანაირი იყო ტელევიზია... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა დარგში ახალი მიმართულებები იდგამდა ფეხს და არც ქართული ტელესივრცე იყო გამონაკლისი. როგორი იყო მაშინდელი ტელევიზია და რამდენად განსხვავდებოდა დღევანდელისგან?

 

- მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველანი ძალიან პატარები ვიყავით, საოცრად დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ დაკისრებულ მოვალეობას. ვმუშაობდით თავდაუზოგავად და მაყურებელს ინფორმაციას მიუკერძოებლად ვაწვდიდით, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, მაშინაც უპირველესი ამოცანა იყო და ჩემთვის ეს ფასეულობა დღემდე არ შეცვლილა. სიხარულით ვივსები, როცა ვიგებ, რომ ადამიანებს დღემდე არა მხოლოდ პირველი არხიდან ვახსოვარ, არამედ „იბერვიზიიდანაც“. როგორი გაწონასწორებული და აკადემიურიც იყო პირველი არხი, ისეთივე იყო „იბერვიზიაც“. ვაშუქებდით როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს და ჟურნალისტურ ბალანსს სრულად ვიცავდით. არასოდეს ვყოფივართ მხარე და არასოდეს მოგვიხვევია მაყურებლისთვის ჩვენი აზრი. არ ვყოფილვართ მიკერძოებულნი, მაყურებელს ახალ ამბავს ვუყვებოდით და მას არჩევანს ვუტოვებდით, რომ თავად გადაეწყვიტა, თუ რომელი მხარეს იყო სიმართლე. სწორედ ესაა განსხვავება იმდროინდელ „იბერვიზიასა“ და დღევანდელ ტელეარხებს შორის.

 

- იბერვიზიამალე დაიხურა და თქვენ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე აღმოჩნდით, სადაც 10 წელზე მეტი ხანი იმუშავეთ...  

 

- პირველ არხზე მამუკა არეშიძის ხათრით გადავედი, რომელიც მაშინ „მოამბის“ მთავარი რედაქტორი იყო. მამუკას ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ის ჩემთვის დიდი ავტორიტეტი იყო და დღესაც ასეა. პირველ არხზეც პატარა ასაკში მივედი, იქ კი, უფროსი თაობის წარმომადგენლები დამხვდნენ და მათ გუნდში ძალიან თბილად დიდი სიხარულით მიმიღეს. სულ მახსენებდნენ, რომ ვმუშაობ აკადემიურ არხზე, გვერდში მედგნენ, მასწავლიდნენ, რჩევებს მაძლევდნენ და ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამ არხზე ამდენი წლის განმავლობაში დავრჩი, სწორედ ეს იყო. განსხვავებით ბევრისგან, მე პირველ არხზეც ვახერხებდი დამეცვა ბალანსი და ვყოფილიყავი მიუკერძოებელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებელს პატიოსნად და კეთილსინდისიერად ვემსახურე!

 

- ივიკო, ჟურნალისტებს ხშირად წლების განმავლობაში უწევთ ტელევიზიაში მუშაობა, რათა ერთ დღეს პირდაპირ ეთერში აღმოჩნდნენ. თქვენს შემთხევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და თავიდანვე განდეს ლაივში მუშაობა. იყო თუ არა 18 წლის ბიჭისთვის სტრესი, მაყურებელთან პირველივე კონტაქტი ცოცხალ ეთერში რომ მოგიწიათ?

 

- ნამდვილად ასე იყო, თავიდანვე გამიმართლა. საერთოდ, იღბლიანი  ადამიანი ვარ და ხშირად მიფიქრია, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტელევიზიაში დავიბადე და გავიზარდე. არასოდეს დამავიწყდება7 იანვარი, შობის დღე და ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი. მართლაც დაუვიწყარი ემოცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭი ვიყავი, მაყურებელმა ადვილად მიმიღო, შემიყვარა და, რაც მთავარია, მენდო. იღბალი ვახსენე, თუმცა, მინდა დავძინო, რომ მხოლოდ იღბალს არ უნდა მივენდოთ, რადგან შრომის გარეშე წარმატება არ მოვა. იღბალი ეძლევა მას, ვინც ბევრს შრომობს!

 

- ივიკო, დღევანდელი წამყვანები მუდმივად ისტერიულები და ქრონიკულად დაძაბულები არიან. ისეთი ხმითა და გამომეტყველებით გვიყვებიან ახალ ამბებს, თითქოს სამყაროს აღსასრულამდე წამებია დარჩენილი... როგორ შეაფასებთ ამ ტენდენციას და, როგორ ფიქრობთ, რა არის ამბის მთხრობელისთვის, საინფორმაციო გამოშვების წამყვანისთვის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება?

 

- დიახ, ნამდვილად ასეა და ეს იმის შედეგია, რომ დღეს ეთერში ზის ყველა, ვისაც შანსი მიეცა, ამან კი, საინფორმაციოს ხარისხი მკვეთრად დასცა. ახლა შევეცდები, დავასაბუთო ჩემი ნათქვამი: პირველ რიგში, რაც თვალში მოსახვედრია, ეს ჟურნალისტების განათლების დეფიციტია, მეორე რიგში, შესამჩნევია ადამიანის შინაგანი კულტურის ნაკლებობა, ასევე, საშინელი პროვინციალიზმი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, მეტყველების პრობლემა. ეს ყველაფერი იწვევს იმ არაპროფესიონალიზმს, რაც ტელეეთერებიდან ასე ნიაღვარივით მოედინება. საშინელი მოსასმენია, როცა წამყვანი თითქოს ეჩხუბება მაყურებელს და გაღიზიანებული ტონით ამყარებს მასთან კომუნიკაციას.

  

- საქართველოს დამოუკიდებელი მედია მაშინ დგამდა პირველ ნაბიჯებს, როცა თქვენ იწყებდით კარიერას, ანუ, შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ერთად იზრდებოდით და ვითარდებოდით... გამოცდილების არმქონე გოგო-ბიჭებიბაძავდით თუ არა უცხოელ კოლეგებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ტელეარხების ეთერებში მუშაობის გაცილებით დიდი სტაჟი ჰქონდათ და თუ ამჩნევ დღევანდელ ჟურნალისტებს უცხოური, დასავლური მედიის გავლენას?

 

- მე იმიტომ ვარ ივიკო სეხნიაშვილი, იმიტომ დავამახსოვრდი და შემიყვარა მაყურებელმა, რომ ეთერშიც ვიყავი ის, ვინც სინამდვილეში ვარ. არათუ არასოდეს მიმიბაძავს სხვისთვის, მეტიც, ყოველთვის ვაპროტესტებდი წამხედურობას. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ვისწავლოთ ახალი, არ გავიზიაროთ სხვისი გამოცდილება ან არ გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული ტენდენციები, მაგრამ უფრო არასწორს ვერაფერს იზამს ტელეწამყვანი, ვიდრე გადმოიღოს სხვისი მანერები, მოიპაროს სხვისი დიქცია ან ჟესტიკულაცია. რაც შეეხება დღევანდელ მედიას, სამწუხაროდ, ბევრი მათგანი აკოპირებს არათუ უცხოელ კოლეგას, არამედ ჰბაძავენ ერთმანეთსაც და სწორედ ამიტომ არ მოსწონს მაყურებელს დღევანდელი წამყვანების უდიდესი ნაწილი, ისინი ხომ საკუთარ თავს კი არა, სხვას ჰგვანან, ერთმანეთს ჰგვანან. მაყურებელი ძალიან მგრძნობიარეა, ის ყოველთვის ამჩნევს ყალბ ნოტებს, ყალბ მიმიკებსა და ჟესტიკულაციებს. წამყვანს თვალებში ეტყობა იტყუება თუ სიმართლეს ამბობს, ამიტომ ვერასოდეს დააჯერებ ხალხს სიცრუეს. გავკადნიერდები და ერთ რჩევას მივცემ მათ: გახდით ბუნებრივები და ნამდვილები. როდესაც იქნებით გულწრფელნი, მაყურებელი გაბრაზებასაც გაპატიებთ, უადგილო ადგილზე გაცინებასაც, სენტიმენტებსაც და ცრემლებსაც, მთავარია, არასოდეს მოატყუოთ ისინი!

 

- ივიკო, დღეს უკვე სტუდენტებს ასწავლით, უკითხავთ ლექციებს, უზიარებთ საკუთარ გამოცდილებას... როგორ მოგწონთ თავი ამ ამპლუაში და როგორ შეაფასებთ ჟურნალისტების ახალ თაობას, თქვენ ხომ მათთან ყველაზე მჭიდრო ურთიერობა გაქვთ?

 

- მე ფილოლოგიის დოქტორი და პროფესორი ვარ და წლების განმავლობაში ვიყავი „სდასუს“ ჟურალისტიკის ფაკულტეტის დეკანი. ამჟამად ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების დეკანი ვარ „ნიუუნიში“. სტუდენტებთან ძალიან მომთხოვნი ვარ, თუმცა, არა მკაცრი. პირველივე ლექციაზე ვუხსნი მათ, რომ თუკი ჟურნალისტიკაზე პოპულარობისთვის ან საკუთარი თავის წარმოსაჩენად ჩააბარეს, არასწორი პროფესია აირჩიეს, რადგან ჟურნალისტმა საკუთარ თავს კი არა, მაყურებელს უნდა მიუძღვნას თავი. ვცდილობ, ავუხსნა მათ, რომ ჟურნალისტი ემსახურება მაყურებელს და არა მაყურებელი - ჟურნალისტს. ჩემს სტუდენტებს ვთხოვ, ბევრი იკითხონ, ბევრი წერონ და მეტყველებაში ბევრი ივარჯიშონ. არაჩვეულებრივი თაობა მოდის, თუმცა, მნიშვნელოვანი მომენტი იქნება ის, თუ ვინ დახვდება ამ თაობას ტელევიზიაში, რა რელსებზე და რა გზაზე შეაყენებენ მათ.

 

- და ბოლოს, მოენატრეთ მაყურებელს ცისფერ ეკრანზე. გიფიქრიათ თუ არა ტელევიზიაში დაბრუნებაზე და არის თუ არა შანსი, რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ მიესალმოთ რომელიმე ტელევიზიის პირდაპირი ეთერიდან?

 

- მეც ძალიან მენატრება ჩემი მაყურებელი. შემოთავაზებები ბევრი მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვთანხმდებით გარკვეულ დეტალებზე. მიუხედავად მრავალწლიანი პაუზისა, დღესაც რომ მითხრან, საღამოს ეთერში გადიხარო, ამისთვის ყველანაირად მზად ვარ! რამდენიმე არხთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუმცა, რა შედეგით დასრულდება და როდის მივესალმები ჩემს მონატრებულ მაყურებელს, ჯერჯერობით ზუსტად ვერ გეტყვით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner