ფბ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სუს-ის ინფორმაციას საქართველოში მოსალოდნელი გადატრიალების მცდელობის და მისი ორგანიზატორის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მხოლოდ ფაქტები
გია ლორთქიფანიძე, 2009-2012 წწ. შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო. სააკაშვილი მას „ბოროტას“ ეძახდა, რითაც ეს უკანასკნელი ამაყობდა კიდეც.
მის სახელს უკავშირდება 2012 წელს საქართველოში ჩეჩენი მებრძოლების ჩამოყვანა, გაწვრთნა და შეიარაღება.
ლორთქიფანიძე ბრალდებულია 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეების დარბევის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ნოემბრამდე გია ლორთქიფანიძე უკრაინის შსს-ს ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ამჟამად იკავებს უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილის პოსტს.
2021 წლის დეკემბერში საქართველოს პროკურატურამ ლორთქიფანიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ლორთქიფანიძე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დაეხმარა. ის ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში შეხვდა ამავე საქმეში ბრალდებულ ელგუჯა ცომაიას და გარკვეული დახმარების სანაცვლოდ დაიყოლია იგი, მისი კუთვნილი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანით გადაეყვანა სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე.
2021 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გია ლორთქიფანიძე დაუკავშირდა საქართველოში მყოფ ელგუჯა ცომაიას და მას უკრაინაში ჩასვლა მოსთხოვა.
ცომაია 20 სექტემბერს მისი კუთვნილი „SCANIA“-ს ფირმის სატვირთო ავტომანქანით უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ავტომანქანა რძის პროდუქტებით დატვირთა და ლორთქიფანიძის შემდეგ მითითებებს დაელოდა. შემდეგ განვითარებული მოვლენები ცნობილია-არაჟნის კონტეინერით საქართველოში შემოპარული სააკაშვილი დაკავებული იქნა.
ამით, არეულობის მოწყობის გეგმა ჩავარდა.
სუს-ის დღევანდელი განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის გეგმის, რომელიც სისხლისღვრას გულისხმობს, ერთ-ერთ ავტორად სწორედ გია ლორთქიფანიძე გვევლინება, მის დაქვემდებარებაში არსებული უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურ მამუკა მამულაშვილთან ერთად და ასევე ფიგურირებენ ქართული წარმოშობის პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მ ი ხ ე ი ლ ბ ა ტ უ რ ი ნ ი.
შეგახსენებთ - 2021 წლის 19 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სტუმრობის წინ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულები, ორი უკრაინელი მეზღვაური და ასევე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მ ი ხ ე ი ლ ბ ა ტ უ რ ი ნ ი შეიწყალა…“ - წერს ლაშა გეგეჭკორი.