logo_geo
eng_logo
„საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან“
- +

11 მარტი. 2016. 12:08


ილიას უნივერსიტეტის პროფესორებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფის დეკლარაციაში, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე გავრცელდა, ნათქვამია, რომ ბოლო დროის მოვლენების ფონზე, საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან. საინიციატივო ჯგუფში შედიან: ნინო დანელია, ნოდარ ლადარია, თამარ გურჩიანი, გია ნოდია, გოგი გვახარია, ლაშა ბაქრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ემზარ ჯგერენაია, სერგო რატიანი, თამარ ტალიაშვილი, მალხაზ სონღულაშვილი და სხვები. გთავაზობთ განცხადების ტექსტს:



უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტები საფრთხის წინაშე დგანან: არსებობს თემები, რომელთა აკადემიურ სივრცეში განხილვას გარკვეული ჯგუფები თუ ინსტიტუტები ეწინააღმდეგებიან. სახეზეა მცდელობა, რომ ჩაიხშოს იმ ადამიანების ხმა, რომლებსაც აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია და მოვალეობა, ახლებურად იმსჯელონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებზე, იქნება ეს რელიგია, გენდერი, სექსუალობა თუ სხვა.

 

ბოლო თვეებში საქართველოს უნივერსიტეტებზე ექსტრემისტული ჯგუფების მიერ განხორციელებული ზეწოლა და აკადემიური ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები განგაშის საფუძველს იძლევა - ეს შემთხვევები ტენდენციის სახეს იღებს, რომელიც საბოლოოდ ცენზურის ფორმალური თუ არაფორმალური მექანიზმის ჩამოყალიბებით შეიძლება დასრულდეს.

 

უნივერსიტეტი არის საზოგადოების თვითგააზრების ადგილი. სადადა მგრძნობიარე თემების კვალიფიციური განხილვა აკადემიური მომზადების მქონე ადამიანების მიერ არის საუნივერსიტეტო სივრცის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია. ამ ფუნქციის დარღვევით ხელი ეშლება არა მხოლოდ აკადემიურ პროცესს, რომელიც გულისხმობს ცოდნის შექმნასა და მის გადაცემას, არამედ, ზოგადად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. კვალიფიციური მსჯელობისა და არსებული თუ ახალი ცოდნის თავისუფალი და საჯარო გავრცელების გარეშე ვერ მოხდება ვერც საზოგადოების განვითარება და ვერც მასში ცივილიზებულთანაცხოვრების წესებზე შეთანხმება.

 

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მოვუწოდებთ ყველა ინსტიტუტსა და ადამიანს, რომელთათვისაც მიუღებელია ცენზურა, აქტიურად შეუწყონ ხელი უნივერსიტეტებს აკადემიური სივრცის თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვაში. შემოგვიერთდით! ხელმოწერისათვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/o8VMkw", - ნათქვამია განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner