„ტრამპის ადმინისტრაციის 4-წლიანმა პერიოდმა დროებით შეაჩერა "გლობალური ომის პარტიის" დამანგრეველი სვლა დედამიწის ზურგზე, სადაც მათ ლიბია, ერაყი, იემენი, ერაყი, ავღანეთი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაპარტახებასა და დეგრადაციამდე მიიყვანეს“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, გლობალური ომის პარტიას ამჟამად სურს საქართველო „უკრაინის პოლიგონად“ გადააქციონ და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.
„ე.წ. ოპოზიციას ბოლო 12 წელიწადში მეცხრე არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების არანაირი შანსი არ გააჩნია. მით უმეტეს, ასეთი დაშლილი და დაქსაქსული ის აქამდე არ ყოფილა. „გლობალური ომის პარტიის“ მთელი რესურსი მუშაობს მათთვის უკანასკნელი სარევოლუციო მუხტის მისაცემად და მათ მშვენივრად იციან საქართველოს "სტატუსს" არც ამჟამად მიანიჭებენ. სუს-ის გუშინდელ ბრიფინგზე, სწორედ ამ "გლობალური ომის პარტიაზე", როგორც არეულობის დამკვეთსა და ორგანიზატორზე არაფერი ითქვა. შევავსოთ ეს ნაწილი.
ამ პარტიის რეზიდენტები, კელი დეგნანის და კარლ ჰარცელის სახით, სწორედ აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში გააქტიურდნენ (43%-იანი ბარიერი, მეორე ფრონტის გახსნა, ციხიდან პოლიტ-ტერორისტების გამოშვება და ა.შ.). მაგრამ ამ რეზიდენტების გეგმებმაც კრახი განიცადეს ვერც ISFED-ის თაღლითობით, ვერც არჩევნების "გაყალბების" ძახილით, ვერც შარშანდელი ივნისის აქციებით, ვერც წლევანდელი მარტის "რუსული კანონით", არეულობის ქანქარა მოქმედებაში ვერ იქნა მოყვანილი.
ძველ რეზიდენტებს, დღეს უკვე ახალი ჩაანაცვლებენ სისხლიანი "მაიდანის" სულის ჩამდგმელების, ვიქტორია ნულანდისა და ჯორჯ კენტის ყველაზე წარჩინებული "მოწაფეები": რობინ დენიგანი და ალან პერსელი. მათ აქ ერთგული, თუმცა უიღბლო და უნიჭო "პირადი შემადგენლობა" დახვდება: მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, ე.წ. ოპოზიციური სპექტრის 90%, ე.წ. არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა, "ფრანკლინის კლუბის" ექსტრემისტები და კრიმინალების მიერ დაფინანსებული პარტიული ტელევიზიები.
ტრამპის ადმინისტრაციის 4-წლიანმა პერიოდმა დროებით შეაჩერა "გლობალური ომის პარტიის" დამანგრეველი სვლა დედამიწის ზურგზე, სადაც მათ ლიბია, ერაყი, იემენი, ერაყი, ავღანეთი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაპარტახებასა და დეგრადაციამდე მიიყვანეს. დღეს ისინი ჩქარობენ უკრაინის სრულ განადგურებამდე მიყვანას, სამიზნეში აქვთ ტაივანი და საქართველოც, ამიტომ რესპუბლიკელთა მაღალი ალბათობით დაბრუნებამდე თეთრ სახლში, ისინი ქაოსურად ჩქარობენ.
აქედან გამომდინარე, არიან უკიდურესად არაპროგნოზირებადი და აგრესიულები.
თავისი გავლენის აგენტის, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, "გლობალური ომის პარტიამ" საქართველო ერთდროულად „ლიბიის, სირიის, ერაყის და ავღანეთის“ მსგავს პოლიგონად გადააქციეს, სადაც მმართველ იდეოლოგიად ლიბერალური ფაშიზმი დაინერგა. ამჟამად მათ სურს ქვეყანა „უკრაინის პოლიგონად“ გადააქციონ და ამისთვის არაფრის მომცემი "სტატუსით" გვაშანტაჟებენ, რომლის პოლიტიკური მოტივით არ მინიჭების ნიადაგზე, ქვეყანაში სისხლიანი სცენარების რეალიზაციას გეგმავენ.
მათი განზრახვა გაშიშვლებულია. ხელისუფლება და ქვეყნის შესაბამისი უწყებები მობილიზაციის სრულ მზადყოფნაში არიან. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ჩვენ ვართ და ჩვენი სახით ისინი გამანადგურებელ ქარიშხალს მიიღებენ. არანაირი შიში თუ პანიკა! არანაირი ეჭვი საკუთარ სიმართლეში! ორჭოფობა, ისტერიკა, ურწმუნოება, „ორ სკამზე“ ბალანსირების იმედი გაიგივებული იქნება მტრის ბანაკისა და მეხუთე კოლონისადმი თქვენს მიკუთვნილობასთან! გააძლიერეთ ლოცვა, მოემზადეთ ამ ეშმაკთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის. ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს ქართველიშვილი.