თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„გაცნობებთ, რომ თბილისის მერიის „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამა ფართოვდება. პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, 100%-ით დაუფინანსდება.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არმქონე პირებს 80%-ით უფინანსებდა, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, სრულად, 100%-ით.
მერიამ ეს გადაწყვეტილება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა და მათი ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით მიიღო, რადგან დარჩენილი 20% მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი იყო. თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამა 2021 წელს დაიწყო და თავდაპირველად ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი ფინანსდებოდა. 2022 წელს კი, მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.
პროგრამის მოსარგებლეები 15-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები არიან და ერთი მოქალაქის მედიკამენტების და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა არის გათვალისწინებული. პროგრამის ბიუჯეტი 2 676 500 ლარს შეადგენს“, - განაცხადა თბილისის მერმა.