„ყველაფერი არის დაგეგმილი მიზანმიმართული პროვოკაცია და ძალიან საშიში. ნახეთ, როგორ აპარებენ მესიჯებს - თქვენ, რომელიმე, მზად ხართ თანამონაწილე გახდეს იმ მესიჯის, რომელიც ვაშაძემ ახლა, რამდენიმე წუთის წინ გაახმოვანა? როგორ შემოაპარა იარაღის მესიჯი. მან ახსენა. ესეც ხომ არ მოგვეჩვენა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვაშაძის მხრიდან იარაღის თემის შემოპარება შემთხვევითი არ არის.
„ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერზე წამსვლელები არიან, ახლა ამ მესიჯებს ტესტავენ. საზოგადოების რეაქციას გატესტავენ - ვაშაძემ რომ იარაღი ახსენა, საზოგადოება ამას რამდენად მოიწონებს. ამას ქართული საზოგადოება არასდროს მოიწონებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასევე მიზანმიმართულად ხდება გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მესიჯის გავრცელება, რომ პარლამენტარებს შორის დღევანდელი დაპირისპირების მიზეზი ოთარ ფარცხალაძის სანქცირების თემა გახდა.
„სპეციალურად ამ ადამიანის დისკრედიტაციას ახორციელებდით დაახლოებით, 7-8 წლის განმავლობაში და შემდეგ თქვენი გათვლით დისკრედიტირებულ პირზე დღეს პიარულად მომგებიანია, თქვათ, ფარცხალაძის გამო იჩხუბეს. ამ ყალბი მესიჯის დალაგებაც მიზანმიმართულად ხდება“, - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტს.
პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.