„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად იგი გეტას, სენების, ძეძვნარიანის, იწრიასა და ტანძიის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს მუნიციპალიტეტში ორწლიანი მუშაობისა და განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადეს.
თავის მხრივ, გოგი მეშველიანმა მოსახლეობისგან ადგილზე ჯერ კიდევ არსებული პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
„მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი კი არის ის, რომ მისი საქმიანობა ხორციელდება მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეში. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში ჩემი მუშაობის პერიოდში მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის შეუზღუდავი იყო ორმხრივი კომუნიკაცია , რაც უზრუნველყოფდა მოსახლეობის ჩართულობას პრიორიტეტების განსაზღვრის, განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შერჩევის პროცესში. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის ვისმენდით და ვითვალისწინებდით ხალხის აზრს. თუკი მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნებში ნდობას გამოგვიცხადებს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება და მე ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვაა", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.