logo_geo
eng_logo
ირაკლი მეძმარიაშვილი: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
- +

20 სექტემბერი. 2023. 19:47

"ჩვენ მოვისმინეთ მინისტრის დეტალური შეფასება და ანგარიში სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებულ ვითარებაზე და შემდგომი განვითარების გზებზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი სპორტული წარმატებების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა," - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის შემდეგ, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში წარსდგა.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და 2023-2025 წლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 586 მილიონი ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

 

 

„ამ ფინანსური რესურსით უნდა აშენდეს 50 ახალი სპორტული ობიექტი, 27 ობიექტს კი რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს. დიდი მადლობა მთავრობას და სამინისტროს ასეთი მასშტაბური სამუშაოების ჩატარებისთვის, მაგრამ აქვე მინდა თხოვნით მოგმართოთ, რათა ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი სპორტული ფედერაციების აქტიური ჩართულობით წარიმართოს“, - განაცხადა მეძმარიაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული გამოწვევების დაძლევასთან ერთად სპორტში მეტ ყურადღებას ითხოვს კვალიფიციური კადრების დეფიციტი, როგორიც არის სპორტის ექიმი, სპორტის ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი, მწვრთნელი, მენეჯერი თუ სპორტული ჟურნალისტი, რომლის შევსება სპორტის უნივერსიტეტის და კოლეჯის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის მხარდაჭერის კუთხით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაიზარდოს ახალგაზრდობის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების მხარდაჭერა და დაფინანსება. ასევე სასურველია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩაბმა კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის პოპულარიზაცია.

 

 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მთავრობის ხელშეწყობით, საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლა. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა დადებით გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის ცნობადობის ამაღლებასა და ტურიზმის განვითარებაზე, ასევე უდიდესი მნიშვნელობისაა საქართველოში მოქმედი სპორტული ფედერაციების კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში“, - განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე სპორტის შესახებ არსებულ კანონსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მრავალი წელია საკანონმდებლო მიმართულებით სამართლიანი კრიტიკა ისმის იმის თაობაზე, რომ მოქმედი კანონი თანამედროვე სპორტის გამოწვევებს ვეღარ პასუხობს.

 

 

აქვე გავახმოვანებ ინიციატივას, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მზად არის სამინისტროსთან ერთად შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა პარლამენტს გაუმჯობესებული სპორტული კანონი წარვუდგინოთ. კომიტეტის სახელით გიდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას ჩავერთოთ და ვითანამშრომლოთ მთავრობასთან ერთად ქართული სპორტისა და ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის შექმნისთვის“, - აღნიშნა მეძმარიაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner