"საანგარიშო პერიოდში კულტურის სამინისტროს სისტემაში განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი," - ამის შესახებ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფოს მუზეუმის მეორე კორპუსი, რომელიც 1980-იან წლებში აშენდა, მიტოვებული იყო ან სასაწყობედ გამოიყენებოდა. მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ის თანამედროვე სტანდარტების მუზეუმად გარდაიქმნება.
2024 წლიდან ხელოვნების მუზეუმს ექნება თანამედროვე სტანდარტის არაერთი ფონდსაცავი, 2 000 კვ.მ საგამოფენო სივრცე, საგანმანათლებლო სივრცეები და საკონფერენციო დარბაზი. პროექტის ღირებულებაა 9,3 მილიონი ლარი.
ახალი მუზეუმის საგალერეო სივრცე გაიხსნება მხატვარ ლევან ლაღიძის გამოფენით, ხოლო მუდმივმოქმედ საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებელი, 15-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ნახავს ხელოვნების მუზეუმის კოლექციებისაგან შედგენილ უნიკალურ გამოფენას.
ახალი მუზეუმის გახსნის შედეგად, ფიროსმანის ნამუშევრები, რომლებიც ხელოვნების მუზეუმის ფონდის ნაწილია, ეროვნული გალერეიდან დაუბრუნდება ხელოვნების მუზეუმს და ადგილს დაიმკვიდრებს მის მუდმივმოქმედ გამოფენაში.
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის პირველი კორპუსის (ე. წ. სემინარია) ევაკუაცია, გარდა საბიბლიოთეკო ფონდისა, დასრულდა.
ექსპონატები უსაფრთხო გარემოში განთავსდა და 2022 წელს შემუშავდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობის გამაგრებისა და რეაბილიტაციის პროექტი, თუმცა ის უარყოფილ იქნა როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული სამშენებლო კომპანიების მიერ ტექნიკურად მისი პრაქტიკაში განხორციელების შეუძლებლობის გამო. ამასთანავე, ის შეფასდა მუშახელის უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის პროექტად და მის განხორციელებას ადგილზე ხიმინჯების მოწყობის მიზნით განხორციელებული ექსპერიმენტის შედეგად არცერთი კომპანია არ დასთანხმდა. ამჟამად, შენობის გადარჩენის მიზნით, მიმდინარეობს გამაგრებისა და რეაბილიტაციის სამუშაოების სხვაგვარად პროექტირების პროცესი.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდიდან სამინისტროს სისტემაში არ არსებობს კინოფირების შესანახი თანამედროვე, უსაფრთხო სივრცე.
მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება ფირსაცავი შენობების კომპლექსის დაპროექტების რამდენიმეთვიანი პროცესი. მშენებლობა დაგეგმილია დიღომში, „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 20 მილიონი ლარი.
ნიკო ნიკოლაძის დაბადების 180-ე წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარეობს ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოები (ღირებულება 1 000 000 ლარი). დღეისათვის დასრულებულია სახურავის სრული რეაბილიტაცია და შენობაში წყალი აღარ ჩადის.
გრძელდება კეთილმოწყობის სამუშაოები ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას მუზეუმში, რომლის შენობა დიდი მწერლის სახლ-მუზეუმის მოპირდაპირე მხარეს საბჭოთა პერიოდში აშენდა. დღეისათვის დასრულებულია სახურავის სარეაბილიტაციო და შენობის მეწყრისა და წვიმის წყლისაგან დამცავი ბარიერის მოწყობის სამუშაოები.
ასევე, მიმდინარეობს თბილისის ისტორიის მუზეუმისა (ე. წ. ქარვასლა) და სიღნაღის მუზეუმის სარემონტო სამუშაოები. პროექტების ჯამური ღირებულებაა 1 000 000 ლარი.
2021 წელს სამინისტრომ ანსამბლ „ერისიონის“ შენობისთვის გამოყო შესაბამისი ბიუჯეტი. ამჟამად ტენდერის შედეგად შერჩეული კომპანია ახორციელებს მასშტაბურ სამუშაოებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობის სრული რეაბილიტაციისთვის.
ანსამბლისათვის მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის საოფისე, სარეპეტიციო და საკონცერტო სივრცეები.
რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებაა 12,5 მილიონი ლარი. შენობის რეაბილიტაცია მომავალი წლის ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. წელს დასრულდა სახურავის რეაბილიტაცია (სამუშაოების ღირებულება 65 000 ლარი). მიმდინარეობს სარეპეტიციო დარბაზის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.
ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების მიზნით გამოცხადებულია ტენდერი (ღირებულება 980 000 ლარი).
ჭიათურის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები დასრულდა. გამოცხადდა ტენდერი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით (ღირებულება 14 000 000 ლარი).
ზესტაფონის უ. ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის სახურავს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ამჟამად მიმდინარეობს შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები (ღირებულება 285 000 ლარი).
დასრულდა ზ. კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ტენდერი რეკონსტრუქციის ჩატარების მიზნით (ღირებულება 6 000 000 ლარი).
წარმატებით მიმდინარეობს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები (პროექტის ღირებულებაა 22,4 მილიონი ლარი).
მიმდინარეობს ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და გორის გ. ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაციის პროექტირების პროცესი (ჯამური ღირებულება 800 000 ლარი).
მიმდინარეობს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის სრული რეაბილიტაცია (ღირებულება 14 300 000 ლარი).
2024 წლიდან დაგეგმილია ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის შენობის რეაბილიტაცია.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველი კინოსტუდიის კომპლექსი მომავალ სახელოვნებო ქალაქად ყალიბდება.
სამინისტრო ორთაჭალაში განაგრძობს „ალტერნატიული სივრცე N12“-ის მოწყობას.
ლევილის მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპითა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად მთავრდება სარეზიდენციო სივრცეების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და მიმდინარეობს შატოს აზბესტისაგან გაწმენდის სამუშაოები“, - განაცხადა მინისტრმა.