მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მოლდოვა ევროკავშირში დნესტრისპირეთის ტერიტორიის გარეშე გაწევრიანებას უშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დნესტრის მარცხენა სანაპირო მოლდოვის განუყოფელი ნაწილია და ქვეყანა ისწრაფვის დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისაკენ, რათა ევროკავშირში გაწევრიანდეს, როგორც რეინტეგრირებული ქვეყანა.
„სხვა ვარიანტი შეიძლება იყოს ტერიტორიის იმ ნაწილის ევროკავშირში გაწევრიანება, რომელიც მოლდოვის ლეგიტიმური ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის, როგორც ადრე თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, კონფლიქტის შემდგომი მოგვარებით. ამრიგად, თუ მოლდოვა არ შეუერთდება ევროკავშირს, როგორც რეინტეგრირებული ქვეყანა, [მოლდოვის] ხელისუფლება - საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად - გააგრძელებს დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც კი“, - აღნიშნეს უწყებაში.