"ჩვენ ვართ ეროვნული ბანკი, რომელიც არეგულირებს საფინანსო სექტორს, არეგულირებს კომერციულ ბანკებს. ჩვენ ყოველთვის ასეთი პრაქტიკა გვაქვს, რომ თუკი რაიმე აზრთა სხვადასხვაობაა, ეს ყოველთვის კონსენსუსით და ერთმანეთთან თანამშრომლობითა და კომუნიკაციით გადავწყვიტოთ," - ასე უპასუხა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ კითხვას, არსებობს თუ არა ეროვნულ და კომერციულ ბანკებს შორის წინააღმდეგობა საერთაშორისო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ბანკებს შორის წინააღმდეგობა არ არსებობს.
„მერწმუნეთ, რაიმე წინააღმდეგობა აქ არ არსებობს. შეიძლება ინტერპრეტაცია, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეს, ამასაც სხვაგვარი მიეცა, მაგრამ თუ მიაქციეთ ყურადღება, როგორც კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს თავიანთი განცხადება იმის თქმით, რომ ისინი ასრულებენ საერთაშორისო საქნციებს, ასევე ჩემი ბრიფინგიც სწორედ ამით დაიწყო, რომ ჩვენ ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს. ასე რომ, ჩვენ აქ გვაქვს ერთი მიზანი, ერთი ამოცანა, ერთნაირი ვალდებულებები. რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, ამაზე ჩვენ ყოველთვის ჩამოვყალიბდებით კომერციულ ბანკებთან. აქვე ვიტყვი, რომ მათ საკმაოდ დიდი დისკრეცია აქვთ ზოგადად“, - განაცხადა თურნავამ.