"ეს იყო დადგმული პროვოკაცია - როგორც კი სხდომა დაიწყო, თავიდანვე ჩანდა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი იყო, შეექმნა არეულობა, შემდეგ კი ამ არეულობის ტონალობა გადაედო საზოგადოებისთვის," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„ის, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა, არ უნდა ხდებოდეს. იყო ძალიან ბევრი ემოცია, ჩვენ არ გვსურს, ასეთი ვითარება არსებობდეს, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და პასუხი უნდა გაეცეს ყველაფერს. აქ საუბარი არაა ძალადობაზე, მაგრამ იყო ისეთი შეურაცხყოფაც, რომელზეც რაღაც მომენტში ჩემმა კოლეგებმა და შეიძლება მეც ვერ შევიკავე თავი. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს არცერთი თემა, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიცია არ ცდილობს, არასწორად წარმოაჩინოს ის საზოგადოების წინაშე. ჩვენ დავინახეთ, რომ იყო მცდელობა, საერთო პანიკა დათესილიყო. ვნახეთ ბრიფინგი, როდესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოვიდა და პირდაპირ ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ ახლა ისეთი რაღაც ხდება, რომ საბანკო სერვისების სარგებლობას ვეღარ შეძლებენ, საბანკო სისტემა ჩამოინგრევა, ჩვენი მოქალაქეები უცხოეთიდან ფულს ვეღარ გადმორიცხავენ და ა.შ. მეორე მხრივ, პირდაპირ თქვეს, რომ არ მოერიდებიან იარაღის გამოყენებას. გარდა ამისა, მაშინ როდესაც წლების განმავლობაში მათ მიჰქონდათ იერიში ისეთ კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე, როგორიცაა პარლამენტი და მთავრობა, ეს არ იკმარეს და დღეს მიადგნენ ეროვნულ ბანკს. ეს გრძელდებოდა ზუსტად ერთი დღე. ყველაფერს მოეფინა ნათელი, სახელმწიფოში არსებობს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება და მთავრობა, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სტაბილურობა და განვითარების შესაძლებლობა და ამ ქვეყანაში არ მოხდეს რადიკალიზაცია და საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირება, მითუმეტეს, იარაღით დაპირისპირება“, - აცხადებს ჩიქოვანი.