NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის და მტკიცე პოზიციისთვის NATO-საქართველოს პარტნიორობის თვალსაზრისით.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან სერიოზული გზავნილია მსოფლიოსთვის, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. იგი ასევე აგზავნის ინფორმაციას უწყვეტ და ძალიან მჭიდრო პარტნიორობაზე NATO-სა და საქართველოს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მომავალ თვეს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა, რათა მაღალი შეფასება მივცე ყველა პარლამენტარის საქმიანობას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. საქართველომ ძალიან შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმების გზაზე. თქვენ გააძლიერეთ კანონის უზენაესობა და ასევე, აგრძელებთ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს შეითვისოს ისეთი სტანდარტები, რომ NATO-ს წევრობას მიაღწიოს. ჩვენ დაპირება გვაქვს გაჟღერებული, რომ დავეხმარებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაში", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და პარლამენტის წევრების გაფართოებულ შეხვედრამდე, იენს სტოლტენბერგსა და დავით უსუფაშვილს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.