logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ პრეზიდენტთან ამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით
- +

21 სექტემბერი. 2023. 13:26

 

 

„ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ პრეზიდენტთან ამ კანდიდატებს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეროვნული ბანკი გამხდარიყო არაქმედითუნარიანი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატებთან ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩიეს.

 

„კომიტეტმა გამოიტანა შესაბამისი დასკვნა, თუმცა, შემდეგ შედგა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. რეალურად შევიკრიბეთ კონკრეტულად ამ თემასთან დაკავშირებით და მივიღეთ გადაწყვეტილება ორივე წევრის არჩევაზე. მინდა განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. პრინციპში განმარტება გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითონ შემოგვთავაზეს. გახსოვთ, ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და ჯერ მოუწოდებდნენ პრეზიდენტს გაეწვია კანდიდატები, რისი უფლებაც მას აღარ ჰქონდა, თორემ ალბათ გაიწვევდა. შემდეგ, დილას კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მოვიდა და გამოხატა ზოგადი პოზიცია, რომ უმჯობესი იყო მოგვიანებით განხილულიყო ეს საკითხი. აქედან გამოჩნდა, რომ ვიღაცის ინტერესებში და ვიღაცაში ვისაც ვგულისხმობ ხვდებით თავადაც - რადიკალური ოპოზიცია თავისი სალომე ზურაბიშვილით, მათ ინტერესებში იყო კიდევ ერთხელ, კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბოტაჟი. მათი მიზანი რა არის, რომ წლის ბოლოსთვის რჩებოდა საბჭოში მხოლოდ სამი წევრი, უკვე ნოემბრის ბოლოსთვის და ასეთ დროს ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტურ საქმიანობას. როდესაც ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, აქედან ჩანს რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ, რომ ყველა და ყველაფერი გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენი ინფორმაციით, გუშინ იბარებდნენ პრეზიდენტთან ამ კანდიდატებს და სთხოვდნენ განცხადების დაწერას უართან დაკავშირებით. ამაზე მეტი საბოტაჟი და ზეწოლა რა შეიძლება იყოს, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ეროვნული ბანკი გამხდარიყო არაქმედითუნარიანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩიეს. ნანა ყეინიშვილს 84 დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი არ იყო, თეიმურაზ ხომერიკს კი 82 დეპუტატმა და წინააღმდეგი ასევე არავინ იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner