logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: ოპოზიციას დასაკარგი არაფერი აქვს და ამიტომ ყველაფერზე წამსვლელია!
- +

21 სექტემბერი. 2023. 16:16

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. ამერიკულ დოკუმენტში არცერთი სამხილი არაა მოყვანილი იმის დასამტკიცებლად, რომ ფარცხალაძე საქართველოში რუსულ გავლენებს აძლიერებს და, ერთადერთი, რასაც მასში ვკითხულობთ, ისაა, რომ თურმე ყოფილ გენპროკურორს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და იქ ბიზნესსაც აწარმოებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძეს „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად ჩადის ხოლმე რუსეთში“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ისედაც აბსურდულ „ბრალდებას“ სახელმწიფო დეპარტამენტი ვერანაირი სამხილით ვერ ასაბუთებს, ოპოზიციამ ეს ყოველივე, უკვე გამოიყენა ქვეყანაში მორიგი დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობისთვის. რა პროცესები დაიწყო ქვეყანაში? ვესაუბრებით პოლიტოლოგ დემურ გიორხელიძეს.

 

- ბატონო დემურ, ყოფილი მთავარი პროკურორის დასანქცირებით, რა პროცესები დაიწყო საქართველოში, ისევ ხომ არ გამოიკვეთა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგი ტალღის კონტურები და რას ემსახურებოდა დასავლეთის მხრიდან ეს ნაბიჯი?

 

- ეს ყველაფერი დეტალებია, რომელთა უკან ორ მხარეს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაპირისპირება დგას. რაც უფო დამძიმდება სიტუაცია უკრაინაში, მით უფრო გაძლიერდება ზეწოლა საქართველოზე. ჩვენს ქვეყანაში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა იქნება და ამის მზადება, რეალურად, კარგა ხანია დაწყებულია. ზუსტად ამიტომ ფინანსდება კოლოსალური თანხებით ეს ტრაგიკომიკური ოპოზიცია, თავის არასამთავრობო სექტორთან და პროპაგანდისტულ მედიასთან ერთად. ეს მართული ძალა დაფინანსებას იღებს იმაში, რომ საქართველოში სიტუაცია არიონ და ჩრდილოელ მეზობელს დამატებითი პრობლემები შეუქმნან.  მხოლოდ ჩვენთან კი არა, სომხეთში მიმდინარე პროცესებიც ცხადყოფს, რომ ამ ძალებს სამხრეთ კავკასიის „აფეთქება“ სურთ, რაც, უკრაინის მოვლენების პარალელურად, რუსეთისთვის ძალიან დიდი თავის ტკივილი გახდება. დააკვირდით შუა აზიის მოვლენებსაც, სადაც ასევე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა პროცესების ესკალაციისთვის, ეს ყოველივე  აღმოსავლეთ-დასავლეთის მთავარი მაგისტრალიდან რუსეთის იზოლირების გეგმაა. უნდა მივიღოთ თუ არა ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა, ეს ემოციურად კი არა, პრაგმატულად და ცივი გონებით უნდა გადავწყვიტოთ, რადგან ემოციებს გეოპოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ემოციით მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, კატასტროფული შედეგებით მთავრდება-ხოლმე. ჩვენ ისედაც არაერთი გეოპოლიტიკური შეცდომა გვაქვს დაშვებული, შეცდომები რომლებმაც, პრაქტიკულად, დაგვანგრია. მოცემულ სიტუაციაში რა რეალობა იკვეთება? ის, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან სუსტი ხელისუფლება და, ამასთან, ოპოზიცია, რომელიც საქართველოს ბედსა და მომავალზე საერთოდ არ ფიქრობს. პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი, თუმცა, ერთი რამ ცხადია, რა გეგმაც უნდა შეიმუშაონ მათ, ისინი მარცხისთვის არიან განწირული.

 

- თქვენ კი სუსტს ეძახით ხელისუფლებას, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, მათ არაერთ ძალადობრივ შემოტევას გაუძლეს. დასავლეთის წაქეზების მიუხედავად, ოპოზიცია დასახულ მიზანს ვერ აღწევს და სახელმწიფო გადატრიალებას ვერ აწყობს. თუმცა, არ ვიცით, რა მოხდება მომავალში და დასავლელ პატრონებთან ერთად რა სცენარს შეიმუშავებენ რადიკალები. ოპტიმისტური განცხადება გააკეთეთ, ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირულიო... იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?

 

- დამიჯერეთ, თუ თავად ხელისუფლება მიზანმიმართულად არ შეუწყობს ხელს ამ ტრაგიკომიკური ოპოზიციის მმართველობაში დაბრუნებას, ისინი ვერაფერს მოახერხებენ. ხელისუფლება ათ წელზე მეტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის პროპაგანდითაა დაკავებული, გამუდმებით მათზე ლაპარაკობს და ხელოვნურად აცოცხლებს ამ ძალას, თუმცა, ჩვენ გვშველის ის, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა ხალხში მიზერულია და სწორედ ეს მაძლევს ოპტიმისტური განცხადების გაკეთების საშუალებასაც. და მაინც, თუკი მათ განახორციელეს საკუთარი გეგმა და მიიტაცეს ხელისუფლება, საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება და არაა გამორიცხული, ეს ყოველივე სისხლისღვრით დასრულდეს. როცა ქართველი ადამიანი სამშობლოს დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგება, ის ამას არ დაუშვებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წელია ქართველი კაცი დაამცირეს და შეურაცხყვეს, ის ვერ დააჩოქეს! თუკი ხელისუფლება ქვეყანას ვეღარ მოუვლის, მას მოუვლის ხალხი. არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იციან, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ, ამიტომ დასაკარგი არაფერი ექნებათ და ყველაფერზე წავლენ. ამ პარაზიტებმა წაბილწეს უკვე ყველაფერი, თავისი სიბინძურით, არასწორი ცხოვრების წესისა და ლგბტ პროპაგანდით. ამ ყოველივეს ისე გვასაღებენ, თითქოს ეს დასავლური კულტურა, დასავლური ორიენტაციაა, არადა, ამ სიბინძურეს დასავლურ ცივილიზაციასთან საერთო არაფერი აქვს.

 

- როგორ, ბატონო დემურ, შეიძლება ევროპულ რენესანსთან, ევროპელ კლასიკოსებთან, მათ გენიალურ კულტურასა და შემოქმედებასთან არაფერი აკავშირებს LGBTQ პროპაგანდას, თორემ თანამედროვე ევროპა, ევროკავშირი, კოლექტიური დასავლეთი არათუ დგას ამ იდეოლოგიასა და მის აღვირახსნილ პროპაგანდაზე, არამედ დანარჩენ სამყაროს გვკარნახობს და გვიბრძანებს, ნორმად მივიღოთ ცხოვრების ეს წესი, დავაკანონოთ და შევიყვაროთ კიდეც იგი...

 

- კარგი შენიშვნაა, მაგრამ მოდით, ერთმანეთისგან გავარჩიოთ კლასიკური ევროპული ცივილიზაცია, კლასიკური ევროპული კულტურა და ის ნეოტროცკიზმი, რომელიც თავად დასავლეთს სჭამს და უთხრის ძირს... სოროსის ფონდი და მისი მსგავსი მონსტრი ორგანიზაციები წარმატებით ახორციელებენ ყველანაირი სულიერის, ადამიანურის, მორალურის ნგრევას და ახალი თაობის ადამიანების კი არა, პარაზიტების შექმნას უდგანან სათავეში. მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და ძალიან გონიერმა კაცმა ილონ მასკმაც კი თქვა ცოტა ხნის წინ, სოროსის ფონდის მთავარი მიზანი დასავლური ცივილიზაციის დამხობააო. დასავლეთში ელიტების იდეოლოგიური დაპირისპირება მიმდინარეობს და მათივე მომავალია დამოკიდებული იმ შედეგზე, თუ რომელი ძალის გამარჯვებით დასრულდება ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.

 

- ბატონო დემურ, მოცემულ ვითარებაში ხომ რეალობა ის დასავლეთია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აფინანსებს და ახალისებს ყოველივე არაქართუს, არაეროვნულს, არამართლმადიდებლურს... როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოვიდა დრო, ყველაფერს თავისი სახელიავარქვათ და ვთქვათ, რომ ისინი ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები კი არა, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი ეროვნული იდენტობის მტრები არიან?

 

- მე არ მინდა ამ შეკითხვაზე ემოციური პასუხი გაგცეთ! მოდით, დავაკვირდეთ მოვლენათა მიმდინარეობას... ნახეთ, რა ხდება აშშ-ში, აღნიშნულმა იდეოლოგიამ თავად ეს უზარმაზარი ზესახელმწიფო მიიყვანა კრიზისამდე. დონალდ ტრამპის ბოლო განცხადებას ხომ გაეცანით, სადაც მან სიტყვასიტყვით ასე თქვა: „მე ამ ბოდვას დავასრულებ!“ ანუ აშშ-ის ყოფილმა და შესაძლო მომავალმა პრეზიდენტმა თავად უწოდა ლგბტ პროპაგანდას ბოდვა, რაც იმის დასტურია, რომ ეს მარაზმი თუ არ დასრულდება, თავად ევროპა და აშშ დადგებიან ნგრევის საფრთხის წინაშე. დამიჯერეთ, თუ გაიმარჯვებს ნეოტროცკიზმი, დასავლეთისგან აღარაფერი დარჩება! ჩვენ გვინდა ევროპა და არა ლგბტ ბოდვები, ჩვენ გვინდა განათლებული, წარმატებული, მეცნიერულად, ტექნოლოგიურად განვითარებული ევროპა, რომელიც, თავის დროზე, სწორედ ამ მიღწევებმა გააძლიერა და აქცია დომინანტ ცივილიზაციად. ჩვენ ამ განვითარებულ ცივილიზაციასთან ინტეგრაცია გვინდა და არაფერში გვჭირდება იდიოტიზმის დონემდე დასული ევროკავშირი, თავის კარიკატურულ, მარიონეტულ ლიდერებთან ერთად, რომლებსაც დაკარგული აქვთ ადამიანის სახე, დამორჩილებულნი არიან სხვის პროპაგანდას და საკუთარ ქვეყნებს უთხრიან ძირს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner