„პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა „Business Insider Georgia“-სთან ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილი სიტუაცია შეაფასა. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, რომ სებ-ს სანქციებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არ მიეღო, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია დასკვნები სწორად გაკეთდეს და ფინანსური სექტორის მდგრადობა შენარჩუნდეს.
ხიშტოვანის თქმით, სტაბილურობის თვალსაზრისით, საფრთხეს ვერ ხედავს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი და ჯეროვნად ასრულებდეს ყველა იმ საერთაშორისო შეთანხმებას, რომლის შესრულებაზეც აქვს ვალდებულება აღებული. ეს იქნება ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებულ შეთანხმებები და ა.შ., ვინაიდან სხვა შემთხვევაში სერიოზული რისკები არსებობს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორის მნიშვნელოვნად დასუსტება მოხდეს.
აქედან გამომდინარე, ყოველი ჩარევა, რომელიც სებ-ს ასუსტებს და ხელს უშლის დამოუკიდებლად მოქმედებაში, არის ძალიან სახიფათო, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასეთ ჩარევებს ადგილი არ ჰქონდეს. პროცესი რაც დაიწყო და გრძელდება, არასასურველია, ის, რომ ეროვნული ბანკი დარჩება მალე ვიცე-პრეზიდენტების გარეშე , არაოპტიმალურია, ასუსტებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და შეიძლება ეს შეეხოს ყველას, ვინაიდან სებ-ი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, როცა საუბარია ვალუტის სტაბილურობაზე, ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, ფასებზე და სხვა. ასევე ვიტყოდი, რომ მჯერა, საქართველოს საფინანსო სექტორი არის იმდენად ძლიერი რომ შეძლებს ამ მიკრო კრიზისის დაძლევას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, სწორი დასკვნა იქნას გამოტანილი“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
„პი ემ სი“ კვლევითი ცენტრის დირექტორი ლარის კურსთან დაკავშირებით გამოწვევაზეც საუბრობს და დასძენს, რომ როგორც კი დასტაბილურდება ვითარება, ეროვნული ვალუტა წონასწორობის წერილს დაუბრუნდება.
,,ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და ლარს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს უფრო ინსტიტუციური პრობლემაა. ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე არ არის. აქედან გამომდინარე, როცა ეს სიტუაცია დაწყნარდება, ლარიც მალე თავის წონასწორობას დაუბრუნდება.
მთლიანობაში, ვფიქრობ, რომ სასურველი იქნებოდა ეს გადაწყვეტილება არ მიღებულიყო. არსებობს მნიშვნელოვანი რისკები, რომ ჩვენ ამის გამო შეიძლება საერთაშორისო პარტნიორებთან გაგვიფუჭდეს ურთიერთობა, რათა აღმოჩნდეს, რომ არ ვუერთდებით გლობალურ დასავლურ მოძრაობას, რომელიც სანქციების საშუალებით ცდილობს რუსეთის აგრესიის შეკავებას უკრაინაში. ის, რომ საფინანსო სექტორი შეირყევა, გადაჭარბებული ნათქვამია, ამის რისკს დღეს ვერ ვხედავ. თუმცა სწორი დასკვნა თუ არ გამოვიტანეთ ამ ბოლო ორი დღის მოვლენებიდან, არაფერი არ არის გამორიცხული“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი „Business Insider Georgia“-სთან.
შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.
20 სექტემბერს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა დატოვეს.