"რესპუბლიკელმა" სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა არ უნდა გაუწიოს შემდგომი დახმარება კიევს, რადგან ეს საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას და ართულებს ამერიკის მოქალაქეების ცხოვრებას.
"მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი ფული უკრაინაში გასაგზავნად. ჩვენი დეფიციტი წელს 1.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ჩინეთიდან ფულის სესხება უკრაინაში გასაგზავნად უაზრობაა", - აღნიშნა სენატორმა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა უკრაინას 113 მილიარდი დოლარი გამოუყვეს.
"როდის დასრულდება დახმარების მოთხოვნა? როდის დასრულდება ომი? ვინმეს შეუძლია ამიხსნას როგორ გამოიყურება გამარჯვება უკრაინაში? პრეზიდენტ ბაიდენს რა თქმა უნდა არ შეუძლია. მისმა ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ამ ომში მკაფიო სტრატეგიის ან მიზნის ჩამოყალიბება და უკრაინის კონტრშეტევამ ვერ გამოიღო მნიშვნელოვანი მიღწევები", - განაცხადა რენდ პოლმა.
სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უფრო სავარაუდო ხდება, რომ უკრაინა გახდება კიდევ ერთი ჩიხი, რომელიც დაფინანსებული იქნება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ.
"ამიტომ იკლებს საზოგადოების მხარდაჭერა ომისადმი. CNN-ის აგვისტოს გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ახლა ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფას", - დასძინა მან.
რენდ პოლმა ასევე ისაუბრა უკრაინაში კორუფციის ფაქტებზე და აღნიშნა, რომ "სამწუხაროდ, კორუფცია ღრმად არის გამჯდარი უკრაინაში და იმის უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის შეჭრის შემდეგ".