საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით სენაკში მედიასწავლება „ღირსეული პასუხი 2023“ დაიწყო. სწავლებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა უკვე მეშვიდედ მასპინძლობს.
„ღირსეული პასუხის“ მიზანი მედიის წარმომადგენლებისთვის იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რაც მათ ჰიბრიდული გამოწვევების პირობებში და კრიზისული სიტუაციების დროს პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში შეუწყობს ხელს. სწავლების სცენარი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას და კრიზისულ თუ კონფლიტურ სიტუაციებში უსაფრთხოების უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს. შესაბამისად, სწავლების სცენარის პრაქტიკული ელემენტებიც აღნიშნული მიმართულების გამოყენებას და განვითარებას მოიცავს.
წელს „ღირსეულ პასუხში“ ტელევიზიების, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში სწავლებაში მონაწილეებს მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო წესების დაცვით უწევთ ცხოვრება - დილის ვარჯიში, კვება „ჯარისკაცის“ ულუფით, ცხოვრება ყაზარმებში და გადაადგილება ახალი ლოჯისტიკური საშუალებებით “MAN” და ქართული, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორებით. სწავლების პრაქტიკული ფაზის აღსრულების პროცესში ისინი ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სამხედრო ჩაფხუტებითა და ჟილეტებით ისარგებლებენ. სწავლების პრაქტიკული ნაწილის აღსრულებაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი და კომპონენტი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა და ავიაციაა ჩართული.
სწავლების საწყის ეტაპზე მედიის წარმომადგენლებს სალექციო კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები საინჟინრო მომზადებაში, პირველად სამედიცინო დახმარებაში, კიბერუსაფრთხოებასა და თვითგადარჩენის მიმართულებით, ასევე კრიზისული სიტუაციების პროფესიონალურად და ეფექტიანად გაშუქების უნარ-ჩვევების განვითარებაში უტარდებათ.