არგენტინელმა ევერ ადრიანო დემალდემ, რომელიც მარსელო ბიელსასა და ბერტ ვან მარვეიკის ყოფილი ასისტენტია, გორის „დილასგან“ ოფიციალური შეთავაზება მიიღო მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
მოლაპარაკება კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის - „არგენტინის სახლი საქართველოში“ - დამფუძნებელისა და არგენტინული საფეხბურთო სააგენტო B.S.C-ის წარმომადგენლის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის ინიციატივით დაიწყო და წარმატებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ევროთასებიდან გავარდნის შემდეგ, „დილას“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ანდრეი დემჩენკომ და გორული კლუბი დროებით ირაკლი მოდებაძემ ჩაიბარა. პარალელურად, „დილას“ ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებდა.
36 წლის დემალდემ სამწვრთნელო კარიერა მარსელო ბიელსას ასისტენტად (2014-15) სახელოვან ფრანგულ კლუბ „მარსელში“ დაიწყო. 2015-2017 წლებში საუდის არაბეთის ნაკრებში ნიდერლანდელ ბერტ ვან მარვეიკს (ვის ხელშიც ნიდერლანდების ნაკრები 2010 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა) ეხმარებოდა, შემდეგ არგენტინაში დიეგო დაბოვეს თანაშემწე გახლდათ „გოდოი კრუსსა“ და „არხენტინოს ხუნიორსში“.
ბოლო წლებში მუშაობდა „ალ ჰილალში“ (არაბთა გაერთიანებული საემიროები), არგენტინულ „ხიმნასია ტიროსა“ და „ინდეპენდიენტე რივადავიაში“, რომელიც აპრილში დატოვა.
შეთავაზების თანახმად, ევერ დემალდე გორის „დილას“ დეკემბრამდე გაწვრთნის თავის თანაშემწესთან, ფედერიკო ვალესთან ერთად, რომელიც ბოლოს არგენტინის საფეხბურთო კლუბ „არხენტინოს ხუნიორსის“ (2023) სპორტული დირექტორის თანაშემწე იყო.
ხოლო, 2024 წლის იანვრიდან გორული კლუბის ხელმძღვანელობა არგენტინელი ფიზმომზადების სპეციალისტის მოწვევის საკითხსაც განიხილავს, რომელსაც დემალდე საჭიროდ მიიჩნევს, რათა გუნდი სათანადო დონეზე ჩამოაყალიბოს.
პატარქალიშვილის თქმით, საკუთარი კონტაქტებით გორის „დილას“ ხელმძღვანელობას დახმარება აღუთქვა, რომ გუნდმა 2024 წლის სეზონისთვის შეკრება არგენტინაში მოაწყოს და მოემზადოს. ამ პერიოდში „დილას“ შესაძლებლობა ექნება, გამართოს ამხანაგური თამაშები, ადგილზე ნახოს და დაიმატოს არგენტინელი ფეხბურთელები. ამ პროექტის მიზანი „დილას“ გაძლიერება და საერთაშორისო დონეზე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებაა.
პატარქალიშვილი ასევე იმედოვნებს, რომ გორის „დილაში“ არგენტინელების მოწვევა ხელს შეუწყობს არგენტინის საქმიან წრეებთან შიდა ქართლის რეგიონის ურთიერთობის დამყარებას. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციასა და გორის მერიას კონკრეტულ დეტალებს აცნობებს.