„სოციალურად დაუცველთა პროგრამაში უბრალოდ არ არსებობდა არანაირი დანამატი ბავშვზე. დღეს არსებობს ყოველთვიური 200-ლარიანი დანამატი, გარდა სხვა პროგრამებისა და ის ცდება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახების დეფინიციას. ამიტომ მისი დიაპაზონი უფრო ფართოა, ვიდრე ისეთი ოჯახები, სადაც მართლა ძალიან უჭირთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ წინა ხელისუფლებისგან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა დემოგრაფიული პრობლემების სახით და არც არსებობდა შესაბამისი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ამ პრობლემების აღმოფხვრისკენ იქნებოდა მიმართული. ხუნდაძემ ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რაც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დემოგრაფიულ პრობლემებთან საბრძოლველად გადადგა.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხალხთან ერთად განდევნა უპასუხისმგებლო ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად არ ზრუნავდა დემოგრაფიაზე, მათ სხვა მიზნები ჰქონდათ. ალბათ გახსოვთ, რომ ისინი ყიდდნენ საბავშვო ბაღებს, ჩვენ დავიწყეთ მათი აღდგენა. დღეს წარსულისგან განსხვავებით, ნებისმიერ ოჯახს მიუხედავად შესაძლებლობისა, შეუძლია საკუთარი შვილი მიიყვანოს ბაღში. მას აქვს გამორჩეულად ბევრად უკეთესი პირობები და ასევე კვება გამორჩეული, სადაც დაფინანსება რამდენიმეჯერ გაიზარდა წინანდელთან შედარებით.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შემოვიტანეთ მშობიარობის დაფინანსების პროგრამა, რომელიც მანამდე არ არსებობდა. ქვეყანაში აბორტების რიცხვი (მხოლოდ რეგისტრირებული) 2012 წელს იყო 40 000 ათასი. ამ პოლიტიკის (არა მხოლოდ იმის, რაზეც ვისაუბრე), ამ პროგრამის წყალობით აბორტების რიცხვი დღეს მნიშვნელოვნად, 50%-ზე მეტით არის შემცირებული.
ჩვენ შემოვიტანეთ ორსულთა საჭირო მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამა. ასევე, ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა. რატომ ყოველი მესამე? ერის რიცხოვნობას და მატებას განსაზღვრავს ოჯახში მესამე ბავშვი. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ბრძენი პატრიარქის (რომელსაც შემდეგ ლანძღავდნენ და რა არ უწოდეს) ინიციატივაც მესამე ბავშვზეა დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ეს გაამყარა ქართული ოცნების იმ პროგრამულმა სასიკეთო გადაწყვეტილებამ, რომ ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვი ღებულობს ფულად დანამატს ყოველთვე. მთიან რეგიონებში ეს თანხა უფრო მეტია, ვიდრე ბარში.
აქვე ვიტყვი, რომ ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. პიკური მაჩვენებელი იყო 2009 წელს. წარსული პერიოდით ამაყობენ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა მინისტრი არ დაასახელეს, მაინც უხერხულია მაშინდელი მინისტრის აქ ხსენება. დღეს ბავშვთა სიკვდილიანობა ევროპულ მაჩვენებელს მაინც ჩამორჩება, მაგრამ ბევრად შემცირებულია წინა პერიოდთან შედარებით.
სოციალურად დაუცველთა პროგრამაში უბრალოდ არ არსებობდა არანაირი დანამატი ბავშვზე. დღეს არსებობს ყოველთვიური 200-ლარიანი დანამატი, გარდა სხვა პროგრამებისა და ის ცდება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახების დეფინიციას. ამიტომ მისი დიაპაზონი უფრო ფართოა, ვიდრე ისეთი ოჯახები, სადაც მართლა ძალიან უჭირთ.
დროის დეფიციტიდან გამომდინარე, ვერ ჩამოვთვლი ყველა იმ ინიციატივას, რაც დემოგრაფიული პრობლემების აღმოსაფხვრელად შემოვიტანეთ.
მინდა გავიხსენო 2013 წელი, როდესაც პარლამენტში გახლდით და ჩემი ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ინიციატივა იყო დეკრეტული შვებულებების გაზრდა. ვისაც ჩემი არ გჯერათ, შეგიძლიათ მაშინდელი კენჭისყრის შედეგები ამოიღოთ - ნაციონალური მოძრაობიდან ამ პროექტს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი (შესაძლოა ორმა, მაგრამ როგორც მახსოვს, იყო ერთი). პრინციპულად არ დაუჭირეს მხარი და მსჯელობის ეტაპზეც წინააღმდეგნი იყვნენ ამ პროექტის დამტკიცებისა.
ასევე დროის სიმცირიდან გამომდინარე, ამ თემის სიღრმეებს ვერ ჩავწვდები, მაგრამ გეტყვით, რომ წინა ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოგრაფიულ საკითხებთან - ბავშვებთან, დედებთან, შობადობასთან იყო ამგვარი. მათ გააუქმეს მრავალშვილიანი დედის სტატუსი. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის და მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება. დღეს კი მაღალ ტონალობაში გვიყვებიან, რომ თურმე ქართული ოცნების ბრალია, რომ მიგრაციული პროცესები ამგვარად წარიმართა და რომ ქვეყანაში არის დაბალი შობადობა.
კიდევ ერთხელ ვამბობ - მიგრაციული კატასტროფა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ დღეს ვერ ავიცილებდით ომს. ამის პირდაპირი მაგალითები უკვე არსებობს. ასე რომ, როცა რაიმე საკითხზე ვსაუბრობთ, მთავარია ცოდნა, მაგრამ უმთავრესია სინდის-ნამუსი - რომ ტყუილი არ გეადვილებოდეს და მით უმეტეს ამ ტრიბუნიდან - შენს ნათქვამს უნდა ჰქონდეს უფრო მეტი ფასი, ვიდრე სადმე ჩამოჯდომას და ჭორაობას, ან როცა საკუთარ თავს ვინმეს შეასაღებ, რომ თითქოს ხარ შენს ქვეყანაზე მზრუნველი. ქვეყანა ტყუილებით არ იმართება იმიტომ, რომ ეს არის სახიფათო.
ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაზე მთავარი საზრუნავი დღეს ქვეყანას აქვს, რომ ამ ურთულეს რეგიონალურ ვითარებაში თავიდან ავიცილოთ ომი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.