„ქართული ოცნების" წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში ეხმაურება.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში, რომელიც უკვე რიგით მეოთხე ვიზიტია, რაც თავისთავად აღნიშნავს NATO-ს განსაკუთრებულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებზე, რომლებიც გუშინ მივიღეთ NATO-ს გენერალური მდივნისგან და ასევე სხვა წევრებისგან, რომლებიც, დღეს საქართველოში იმყოფებიან. კერძოდ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს აქვს სერიოზული პროგრესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი რეფორმების კუთხით, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების კუთხით. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გახდეს NATO-ს წევრი და თანაც, საქართველო, განსაკუთრებულად ეფექტურად და სრულად იყენებს ამ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ ერთი მხრივ დაუახლოვდეს NATO-ს და გახდეს მომავალში NATO-ს წევრი, ხოლო მეორე მხრივ იმისთვის, რომ გაატაროს რეფორმები, განახორციელოს რეფორმები და შესაბამისად, განვავითაროთ, ასე ვთქვათ, ჩვენი საკუთარი ქვეყანა და შევიქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები. მიგვაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საქართველოს მიმართ და არის ასევე იმის ხაზგასმა, რომ საქართველოს ხელისუფლება ატარებს და ახორციელებს ძალიან სწორ საგარეო პოლიტიკას, რომელიც არის თანმიმდევრული და რომელიც არის მაქსიმალურად მშვიდი, გააზრებული, შეიძლება ითქვას პრაგმატულიც. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ სწორედ ამ კუთხით წარმართვას ჩვენი საგარეო პოლიტიკის, რაც აუცილებლად გახდება გარანტი ქვეყნის სტაბილური, მშვიდი განვითარების, როგორც ეს გასული ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა. კიდევ ერთხელ გვინდა მივესალმოთ NATO-ს გენერალური მდივნის შეფასებებს და გამოვხატავთ სურვილს და მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი მხრივ იმისთვის, რომ NATO-სთან კავშირი, NATO-სთან დაახლოება, ამ ურთიერთობების გაღრმავება სულ უფრო მეტად გაგრძელდეს", - აცხადებს ჩუგოშვილი.