ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნები კულტურულად ჩატარდება და არ იქნება ისეთი ბრძოლა, როგორიც იყო 2012 წლის არჩევნებზე.
„ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტი მხარდაჭერა, როგორც გამოკითხვებმა აჩვენა, სამეგრელოდან აქვს. არჩევნები იმისთვისაა, რომ შევეჯიბროთ, ოღონდ ეს შეჯიბრი უნდა იყოს და არა ბრძოლა. ბრძოლა ჩვენ გავიარეთ 2012 წელს და იმედი მაქვს, რომ ამჯერად კულტურულ არჩევნებს ჩავატარებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა აქვე, კორცხელის ინციდენტი გაიხსენა და არ გამორიცხა, რომ შეიძლება პროვოკაციების მცდელობები მრავლად იყოს, ამიტომ „ქართულ ოცნებასა" და ამომრჩეველს სიფხიზლისკენ მოუწოდა.
„კორცხელის ინციდენტის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ის ხელკეტები რომელ მანქანებში იდო, უკვე კარგად ჩანდა. პროვოკაციების დაგეგმვაში პროფესიონალები არიან. „ქართულ ოცნებას" მართებს მეტი სიფრთხილე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კამერები უნდა იყოს ძალიან ბევრი ამ არჩევნებზეც, ისევე, როგორც 2012 წელს. ჩვენ კამერებით მოვახერხეთ იმ ძალადობის შეჩერება, რაც სახელმწიფო სტრუქტურებიდან მოდიოდა, და ძირითადად პოლიციისგან იყო ასეთი ძალადობა წამოსული, რადგან „ნაციონალური მოძრაობისთვის" პოლიცია იყო ძირითადი ინსტრუმენტი საკუთარ ხალხზე ძალადობისთვის.
ჩემი აზრით, დღეს პროვოკაციები ნაკლებად იქნება, თუმცა მცდელობები იქნება ძალიან ბევრი და ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად", - განაცხადა ივანიშვილმა.