ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკიდან წასვლას, უპასუხა, რომ პოლიტიკიდან ის უკვე წასულია, თუმცა რაც შეეხება ქვეყნის დატოვებას, რასაც მის პოლიტიკიდან წასვლასთან აიგივებენ, არ აპირებს.
„რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი და წავედი გახსნილად. მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ ჩემს წასვლას. ძალიან ბევრ ოპონენტს ამის სურვილი აქვს, რომ იქნება როგორმე ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო, ის ძველი ტაშ-ფანდურა როგორმე დააბრუნონ. პოლიტიკიდან მე წავედი, და წავედი, ჩემი აზრით, ღირსეულად, მიუხედავად იმ კითხვებისა, რომლებსაც ბევრი პოლიტიკოსი უსაფუძვლოდ სვავს. ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში მსგავსი ვერ ნახოთ. ვაჩვენე, რომ მე არ მქონდა სურვილი პოლიტიკაში ყოფნის, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას, მოვედი, თავი გავწირე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და გავყევი და წავედი პოლიტიკიდან, ამით ვაჩვენე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია და არ მინდოდა თანამდებობა.
ერთი სული აქვთ, ქვეყანას გავეცალო, რამეთუ, მე მოსახლეობაში მაქვს გარკვეული ავტორიტეტი და ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზეზიც, რომ ანალიზში კარგად დავალაგოთ, ვინ ვინ არის, რათა სწორად ჩავატაროთ არჩევნები. მე ვარ დღეს მოქალაქე და დავრჩები კიდეც მოქალაქედ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.