logo_geo
eng_logo
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის კომპონენტი წარმატებით დაასრულა
- +

23 სექტემბერი. 2023. 10:05

 

 

28 საპილოტო არეალში, სადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს სარწყავი სისტემების მშენებლობა და აღდგენა, მიწის ნაკვეთების სისტემური წესით რეგისტრაცია დასრულდა. მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სამაგალითოა და საჯარო რეესტრს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

 

აღნიშნული საპილოტო პროექტის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს მასშტაბური პროექტის – მთელს ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაციის დაწყებას, რომელიც სახელმწიფოს სახსრებით ფინანსდება და 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

სტუმრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა მიმართა. მან ხაზი გაუსვა საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული პროექტის მნიშვნელობას როგორც საკუთრების უფლების დაცვის, ისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების შემდგომი ზრდისათვის; დეტალური პრეზენტაცია კი, დამსწრე საზოგადოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძემ გააცნო.

 

ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძემ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა იან ნიჯჰოფმა.

 

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ღონისძიების ბოლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სპეციალური ჯილდოები გადაეცათ.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner